„დღეს საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს ტყის დაცვის დღეს. ტყე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში. ტყის დაზიანება-განადგურებით ჩვენ ვანადგურებთ იმ ტოტს, რომელზეც ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის დამოკიდებული. კლიმატის ცვლილება და ჰაერის დაბინძურება, რისი გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ტყის მასივების შემცირებაა, არის გლობალური პრობლემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეც მწვავედ დგას.
ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიაზრებთ ამ სიმწვავეს, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენი ქმედებები ამ პრობლემის მოსაგვარებლად არ არის არც საკმარისი და არც ეფექტიანი.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში. ეს უფლება ვერ რეალიზდება თუ პირველ რიგში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები და ამავე დროს თითოეული მოქალაქე, არ გაიაზრებს საკუთარ ვალდებულებას, რომ გარემო დაიცვას და გაუფრთხილდეს.
იმედი მაქვს ქართული და საერთაშორისო საზოგადოება იქნება კიდევ უფრო აქტიური და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს გარემოს დაცვითი პრობლემების მიმართ.“- ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






