„უკვე მივეჩვიეთ, რომ სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გვესმის, იმ პროცესებზე და მოლაპარაკებებზე , რომელიც იმართება საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის. როგორც ჩანს, პრინციპული საკითხი, რომელიც იდგა ყოველთვის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, რაც გულისხმობს რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებას, რაღაცა დინამიკაში არის მოსული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავერკვიოთ რასთან გვაქვს საქმე. არის თუ არა ეს რეალურად მორიგი მცდელობა რუსეთის, რომ თავი დაიძვრინოს ვალდებულების აღებისაგან. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ფორმით, ერთი შესაძლებლობა ეს არის, რომ აღნიშნულ მოლაპარაკებებზე მოხდეს დაფიქსირება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების, როგორც ოფიციალური მხარის და სწორედ მათ აიღონ საკუთარ თავზე ძალის არგამოყენების ვალდებულება, რაც იქნება უკიდურესად დამაზიანებელი არა მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისთვის, არამედ ჩამოშლის არქიტექტურას, რომელიც შექმნილია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დასაცავად. ასევე არსებობს საფრთხე, რომ რუსეთმა მოძებნოს რაიმე გზა, რომლითაც ის გააკეთებს პოლიტიკურ განაცხადს, რომელსაც არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება და ამის სანაცვლოდ შეეცდება საკუთარი ინტერესების გატარებას ჟენევის ფორმატში. სწორედ ამიტომ ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის პარლამენტის წევრებს, გვაქვს დღეს ვალდებულება, რომ სრულად გავერკვიოთ იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს ჟენევაში. მე მესმის, რომ საერთაშორისო ფორმატებს აქვს თავისი სპეციფიკა, ხშირად შესაძლოა საჯარო საუბარი ყველა დეტალზე იყოს რთული და სწორედ ამიტომ მინდა მოვუწოდო საგარეო კომიტეტს, მოიწვიოს უახლოეს დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ის ხალხი, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ჟენევის მოლაპარაკებებში. თუ გნებავთ მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები დახურულ რეჟიმში მოვისმინოთ. ფაქტია, რომ რუსეთის პრესაში ვრცელდება სხვადასხვა მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით , ვფიქრობ ჩვენი საერთო ინტერესია გავერკვიოთ ყველა დეტალში, იმიტომ რომ აქ საკითხი შეეხება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს.“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






