„- გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს,
გაზაფხულის, ახლის დაბადების, იმედისა და სიყვარულის ზეიმს.
ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები ერთად ვქმნით იმ დოვლათს, რომელიც ასაზრდოებს ჩვენს ქვეყანას: შრომა და შრომისმოყვარეობა - ეს სწორედ ის სიმდიდრეა, რომელიც აზერბაიჯანელ ხალხს ამშვენებს და სამაგალითოა სხვა ერებისათვის. შეგიძლიათ თამამად იამაყოთ, ჩვენი საერთო სახელმწიფოს მშენებლობაში, თქვენი შრომითა და გარჯით შეტანილი უდიდესი წვლილით.
დღეს მე არ ვარ თქვენთან ერთად, მაგრამ თქვენს გვერდით ვდგავარ, თუმცა დღევანდელ ზეიმს თან ახლავს მწუხარება ჩვენი თანამემამულის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო, რომლის ნეშტიც გუშინ გადმოასვენეს.
ვიცი, რომ ასე მხარდამხარ დგომითა და შრომით შევქმნით ძლიერ და თავისუფალ სახელმწიფოს!
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!”- აღნიშნულია პრეზიდენტის მიმართვაში.
“ჩემო ძმებო, ჩემო აზერბაიჯანელებო! გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს! ამ ლამაზ დღესასწაულს - ახალი წლის დადგომის, გაზაფხულის, განახლების, სიცოცხლისა და სიყვარულის დღეს!
ვუერთდები თქვენს ზეიმს, მთელი გულით ვიზიარებ თქვენს სიხარულს.
ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ჩვენი წინაპრები ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთის მხარდამხარ შრომობდნენ, ემსახურებოდნენ საქართველოს, ყოველთვის იზიარებდნენ ერთმანეთის ჭირსა და ლხინს. ასე ვართ ჩვენც და ამ ტრადიციას ჩვენი შვილები გააგრძელებენ.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს ყველანაირი პირობა ჩვენი მოქალაქეების, თითოეული თქვენგანის შესაძლებლობების რეალიზაციისთვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი ჩართულობისთვის.
მე მივესალმები, რომ თქვენ არ კარგავთ კავშირს თქვენს ისტორიულ სამშობლოსთან. აზერბაიჯანი საქართველოს ერთგული მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია. ვიცი, რომ თქვენთვის ეს ძალიან ძვირფასია.
ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს და აუცილებლად ვიცხოვრებთ ერთად გამთლიანებულ, ძლიერ საქართველოში.
მე, როგორც ყოველთვის, დღეს თქვენთან ერთად ვიზეიმებდი ნოვრუზ ბაირამს, თუმცა ახლა მძიმე წუთები გვაქვს, ჩვენი თანამემამულის ცხედარს უნდა მივაგოთ სათანადო პატივი, ამიტომ, სამწუხაროდ, ფიზიკურად თქვენს გვერდით ვერ ვარ.
თუმცა, მთელი გულით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს!
გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, სიხარულს, წინსვლასა და გაძლიერებას”, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში.
მასალის გამოყენების პირობები






