ჟენევის მოლაპარაკებები უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურია. თავდაპირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა ამ მოლაპარაკებებში ჩართვის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარი განცხადებით მოუწონა კვირიკაშვილს „შემართება და სულისკვეთება“.
გასულ თვეს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ქართველი სამხედრო არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს, მისი ცხედარი კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას ერთვი თვის შემდეგ, გუშინ საღამოს გადმოსცეს - მიზეზად დასახელდა სიკვდილის მიზეზის დადგენისთვის საჭირო დრო ექსპერტიზისთვის. გადმოცემულ ცხედარს კი აღენიშნება წამების კვალი, რუსეთის ექსპერტიზის ბიურო კი ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზად გულის მწვავე უკმარისობას ასახელებს.
ამ ფონზე გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილემ დავით დონდუამ განცხადება კვლავ ჟენევის მორიგ რაუნდზე გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში დაიწყოს საგნობრივი განხილვა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის, რაც აქამდე ვერ ხერხდება.
ასევე, განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ აქვთ მოლოდინი, ჟენევის შემდეგ მოლაპრაკებებზე მიღწეულ იქნება ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება.
აღსანიშნავია, რომ ეს განცხადებები შესაძლოა ჰგავდეს ერთმანეთს, მაგრამ მოლოდინი სრულებით განსხვავებულია. საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს კონკრეტულად რუსეთთან მსგავს ხელშეკრულებას, რუსეთს კი სურს საქართველომ შეთანხმება დადოს ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან, ეს მიზნები კი ერთმანეთისგან სრულებით განსხვავდება.
იმ შემთხვევაში თუ საქართველო რუსეთის ნებას დასთანხმდა და ხელი მოაწერა კონკრეტულად ოკუპირებულ რეგიონებთან შეთანხმებას, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო „რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებს იურიდიულად გაუფორმებს“ და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად აღიარებს. რუსეთი კი გაამართლებს თავის ტყუილს იმის შესახებ, რომ იგი 2008 წლის ომში ჩაერთო როგორც მხარე საქართველოსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის მშვიდობის დასამყარებლად.
აღნიშნულ საკითხს განიხილავს „ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი:
„2008 წლის ომის შემდეგ რუსეთი ცდილობს, რომ საქართველო შეათრიოს დიპლომატიურ ხაფანგში. რუსეთისთვის მთავარი ამოცანა რაც არის მას შემდეგ, რაც მოახდინა ოკუპაცია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, არის პროცესის ლეგიტიმიზაცია. თუ დიდ სურათს შევხედავთ, როგორ მოქმედებს რუსეთი, დავინახავთ, რომ ძალასაც, რომელსაც რუსეთი იყენებს, ყოველთვის მოყვება მცდელობა ამ ძალის გამოყენების, ძალადობის ლეგიტიმიზაციის.
მაგალითად ყირიმში, როდესაც ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, ბუნებრივია ძალიან ცუდად გაკეთებული, მაგრამ რეფერენდუმის სახით შეფუთვა მოჰყვა ამ ყირიმის ოკუპაციას. ანუ რუსეთმა გამოიყენა ძალა, მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, შემდეგ პარალელურად ოკუპაციისა, რეფერენდუმის გზით ლეგიტიმაცია მიეცა თავისი ძალადობის.
იგივე გვაქვს აფხაზეთში და ცხინვალში, ანუ რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია, წაგვართვა აფხაზეთი და ცხინვალი, მაგრამ მუდმივად ცდილობს ამ ძალადობის ლეგიტიმიზაციას. ამისთვის უამრავ ფულს ხარჯავდა, ჯერ ყიდულობდა პატარა, ჯუჯა ქვეყნების აღიარებას, შემდეგ რომ ნახა, რომ პატარა ქვეყნებიც არ დახარბდნენ რუსულ ფულზე, სცადა ახალი ხაფანგის შექმნა დიპლომატიური კუთხით, სადაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ფეხი არ ჩაყო და მივხვდით თუ რას აკეთებდა რუსეთი.
სამწუხაროდ ბოლო განცხადებები კარასინის, მიუთითებს იმას რომ რუსეთი იმავეს აკეთებს, რაც თავის დროზე სცადა 2008-2009 წლებში. 2008 წლის ომის აქტიური ფაზა რომ დამთავრდა, საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ წყვეტს საომარ მოქმედებებს და ჯარი დგება თბილისთან. ჩვენ რაც ვთქვით, ის შევასრულეთ. ამის შემდეგ, საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად, ქართული ჯარის გმირული თავდადების შედეგად, საქართველოს მთავრობა არ გაიქცა, მიხეილ სააკაშვილი დარჩა თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ამას ურჩევდნენ, საქართველომ შეინარჩუნა თავისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. შეიქმნა ჟენევის ფორმატი, სადაც რუსეთი მუდმივად აყენებს ერთი და იმავე საკითხს, ბოლო 8 წელია, რომ მას უნდა რომ საქართველომ მოაწეროს ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტს ხელი აფხაზეთთან და ცხინვალთან, ჩვენ ვამბობდით ყოველთვის და ბოლო მომენტამდეც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას ამბობს, ჩვენ მზად ვართ ჟენევის ფორმატში მოვაწეროთ ხელი ძალის არგამოყენების შესახებ რუსეთთან. ეს ჩვეულებრივი ადამიანისთვის ორი სხვადასხვა მოსაზრება, შეიძლება არც იყოს დიდად მნიშვნელოვანი, მაგრამ დიპლომატიისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი.
პირველი - საქართველოში ყველა ადამიანს ესმის, რომ ჩვენ 2008 წელს არ ვომობდით აფხაზებთან და ოსებთან. ყველას გვესმის, რომ 2008 წელს ჩვენ ვომობდით რუსეთთან. აქედან გამომდინარე, ძალის არგამოყენების შეთანხმება შესაძლოა მხოლოდ რუსეთთან, ჩვენ ვეომებოდით რუსეთს.
მეორე - კარასინის ბოლო განცხადება რუსულ მედიაში ძალიან საგანგაშოა, თუ საქართველოს მთავრობა შეყოფს ფეხს ხაფანგში, სხვადასხვა ფორმები არსებობს, რუსეთი დადის მგელივით და წრეებს ურტყამს, სხვადასხვა ფორმულირებები არსებობს, რომ შეაპაროს საქართველოს, თუ ჩვენ მოვაწერთ ხელს რაიმე დოკუმენტს, სადაც ოდნავი მითითება იქნება, რომ ჩვენ ძალის არგამოყენებას ვიღებთ ჩვენს თავზე და ხელს ვაწერთ აფხაზეთთან და ცხინვალთან, ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი - ჩვენ ვაღიარებთ ტყუილს და ეს ტყუილი არის, რომ ჩვენ ვომობდით 2008 წელს ოსებთან და აფხაზებთან და მეორე - ჩვენ ხელს ვაწერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მოშლას, განადგურებას, როგორც კი ჩვენ დავაფიქსირებთ, რომ აფხაზეთთან და ცხინვალთან ვდებთ ამ ხელშეკრულებას, საერთაშორისო დონეზე ვაღიარებთ, რომ ესენი არიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები. ამის შემდეგ ტერიტორიულ მთიანობის აღდგენა შეუძლია ყველამ დაივიწყოს. თუ ეს ასე მოხდება და რაიმე სახით ჩვენ აფხაზებს და ოსებს ვაღიარებთ როგორც სუბიექტს საერთაშორისო სამართლისა, მომავლში, როცა არ უნდა იყოს, ტერიტორიულ მთლიანობას ვერასდროს აღვიდგენთ.
ამ წუთისთვის ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, მაგრამ გარდა რუსეთისა და რამდენიმე ჯუჯა ქვეყნისა, არც ერთი სხვა სახელმწიფო აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, როგორც კი მსგავსი ხელშეკრულება გამოჩნდება, სადაც ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას ძალის არგამოყენების შესახებ, მომავალში იურიდიულად ვუფორმებთ რუსეთს ამ ტერიტორიების წართმევას.
ძალიან ორაზროვანი განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. რომელმაც აღნიშნა, რომ მიდის მოლაპარაკებები და ველოდებით გარღვევას. თუ გარღვევა იქნება, რომ რუსეთი დათანხმდება ჩვენს და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას, რომ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება დაიდოს საქართველოსა და რუსეთს შორის, მაშინ ეს იქნება მისასალმებელი და სწორი ნაბიჯი.
კარასინის ინტერვიუს შემდეგ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ მიმართულებით გარღვევას ჩვენ არ უნდა ველოდეთ. რადგან ის ამბობს, რომს აქართველომ უნდა მოაწეროს ხელი ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტს აფხაზეთთან და ცხინვალთან, შემდეგ კი ჩვენ შევუერთდებით როგორც გარანტიო. თუ საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ რუსეთი შემდეგ შეუერთდება ამ დოკუმენტს, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, ეს არის ქვეყნის ღალატი და უცოდინრობა. ამ შემთხვევაში ჩვენთვის არაფერი კარგი არ არის.
დასკვნისთვის - არის ორი ინტერვიუ, რომლის მიხედვიტაც ვაკეთებთ ანალიზს. ურთიერთგამომრიცხავი ორი პოზიციაა და საბოლოო ჯამში ჩიხური სიტუაცია, რადგან რუსეთი ამას არ მოაწერს ხელს, როგორც კი ამას ხელს მოაწერს იგი, ის დეფაქტო აღიარებს, რომ კი არ იცავდა ცხინვალს, არამედ ის ომობდა, რასაც ახლა უარყოფს. თუ საქართველოს ხელი გაექცა და მოეწერა ხელი რუსეთის შემოთავაზებას, ჩათვალეთ რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სამომავლოდ მოისპობა“, - განმარტავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






