"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" - პარლამენტი დღეს რეზოლუციის პროექტს განიხილავს
პოლიტიკა - 12:31, 21 Mar, 2018     1382
ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პირველ საკითხად განიხილავს რეზოლუციის პროექტს „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ.


პარლამენტის ვებგვერდზე რეზოლუციის პროექტის საბოლოო ვარიანტიც გამოქვეყნდა, რომელიც პლენარულ სხდომაზე უნდ გავიდეს

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ

საქართველოს პარლამენტი -

ეყრდნობა რა, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელშეუვალობის პრინციპს;

ეფუძნება რა, მოქალაქეთა და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთგზის გაცხადებულ მიზანს, საქართველო გახდეს ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით;

ადასტურებს რა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მშვიდობიანი გზით მოგვარება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია;

გამოხატავს რა, მუდმივ მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღსადგენად და საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სიკეთეები ხელმისაწვდომი გახადოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის;

მიესალმება რა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მიმართ;

აცხადებს რა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფოს უზენაესი მიზანია;

აცნობიერებს რა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყველასთვის ცხადი იყოს, რომ საქართველოს სახელმწიფო არასდროს შეეგუება მისი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფას, გატაცებას, წამებას და მათი უფლებების სხვაგვარ უხეშ შელახვას და მიიღებს ყველა სამართლებრივ ზომას დამნაშავეთა დასასჯელად და მოახდენს მკაცრ სამართლებრივ და პოლიტიკურ რეაგირებას ყველა მსგავს დანაშაულზე;

გმობს -

რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს;

რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაციას;

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების რეგულარულ უხეშ დარღვევას, რაც დადასტურებულია მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური დოკუმენტებით:

- ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განმახორციელებელ ძალას;

- საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფას და მკვლელის მიმართ სამართლის აღსრულების შეფერხებას, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განმახორციელებელ ძალას;

- ოკუპირებულ ტერიტორიებზე ათეულობით ქართული სოფლის, ქართული მოსახლეობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართულ განადგურებას, ქართული ეკლესიების დაზიანებას და ქართული კვალის წაშლის მცდელობას.

- საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, საქართველოს მოქალაქეთა რეგულარულ გატაცებას, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან, და მათ უკანონო დაკავებას;

- მოსწავლეთათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის აღკვეთას;

- იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის ხელის შეშლას და მათი საკუთრების უფლების უხეშ შელახვას, რაც ამძიმებს ომითა და ოკუპაციით დაზარალებული მოსახლეობის რთულ მდგომარეობას და აფერხებს სამშვიდობო პროცესს;

მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან -

არ დააბრკოლოს საქართველოს ხელისუფლების მიერ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით და უზრუნველყოს დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულება;

არ შეუშალოს ხელი მართლმსაჯულების აღსრულებას გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ;

შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაცია და გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ;

შეაჩეროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაცია და არ შეუქმნას ხელოვნური ბარიერები საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენას და ურთიერთობების გაღრმავებას;

კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებისა და მათი ძირითადი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;

გამოიჩინოს კონსტრუქციული მიდგომა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად გაეროს, ეუთოს და ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების შესაბამისად;

უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ხელი არ შეუშალოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში;

მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას -

მიიღოს ზომები, რათა საქართველოს ხელისუფლებას მიეცეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, და უზრუნველყოფილ იქნეს დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულება;

მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლის აღსრულება გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ;

დააწესოს ყველა შესაძლო შეზღუდვა და ხელი შეუწყოს სამართლის აღსრულებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სიის შესაბამისად;

გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვება;

უზრუნველყოს ძალისხმევის კონსოლიდაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე გადასაწყვეტად, რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის, ასევე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მიზნით;

გააძლიეროს ძალისხმევა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობის ხელშესაწყობად და ნდობის აღსადგენად;

მიმართავს საქართველოს მთავრობას -

დადგენილებით დაამტკიცოს და 2018 წლის 15 ივნისამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“;

მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად;

განსაზღვროს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარუდგენს რეგულარულ ანგარიშს დადგენილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42