„ჩვენ, განცხადებაზე ხელის მომწერი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ვეხმიანებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე ე.წ. ,,ქართული მარშის“ წევრების სხვადასხვა რელიგიური ექსტრემისტრების მხრიდან (მათ შორის მართმადიდებელ მშობელთა კავშირის) 19 მარტს განხორციელებულ თავდასხმას და კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, აგრეთვე, ჟურნალისტთა დაშინება და მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლა.
რეალურად, რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად მართული „რუსული მარშის“ წარმომადგენლები ამ ქმედებებით ბრძოლას უცხადებენ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ, დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, არამედ, ქართულ სახელმწიფოსაც, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია ხსენებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი.
ტელეკომპანიის ჟურნალისტისათვის მიყენებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგრეთვე, მისთვის უკანონოდ, ძალადობის გზით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ადასტურებს, რომ ძალადობის აქციის ორგანიზატორებს და მათ უკან მდგომ ძალებს სურთ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და მათთვის მისაღებია ყველა აზრის თუ პოზიციის მხოლოდ ძალისმიერი გზით აღკვეთა.
ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და არის ზოგადად ხელისუფლების და მისი ცალკეული წარმომადგენლების ურყევი პოზიცია, რომელიც დაადასტურებდა მათ ერთგულებას ღირებულებებისადმი. სამწუხაროდ, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, საკუთარი ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებებით, არათუ ემიჯნებიან ძალადობას, არამედ რუსეთიდან მართულ ჯგუფებს აქეზებენ დამატებითი აგრესიის განხორციელებისათვის.
ჩვენ, ქვემორე განხადებაზე ხელისმომწერი პარტიების წარმომადგენლები, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მან მკაცრად შეაფასოს ნებისმიერი ამგვარი ძალადობრივი აქტი და თავად, პირველ რიგში დადგეს კანონის სადარაჯოზე.
აღნიშნული ფაქტი არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიასაშუალების, მისი ჟურნალისტების დაშინებასა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას.
ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ, მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება ჟურნალისტებზე თავდისხმის ფაქტზე და კანონის სრული დაცვით დაისაჯონ დამნაშავეები“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
ახალი საქართველო
ახალი მემარჯვენეები
ევროპელი დემოკრატები
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
თავისუფალი დემოკრატები
ლეიბორისტული პარტია
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
რესპუბლიკური პარტია
სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
მასალის გამოყენების პირობები






