ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს.
აღნიშნულზე ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახაბერ ქემოკლიძემ:
„დღევანდელი საღამოს მთავარი საკითხი არის ის, რომ ცხედარი დაუბრუნდება ოჯახს. ცხედარი უკვე არის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. როგორც კი მოხდა ეს ინციდენტი, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი აამოქმედა, მათ შორის საერთაშორისო მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა, რომ ოჯახს ცხედარი, რაც შეიძლება, მალე დაბრუნებოდა. ცხედარი ახლა მიემართება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, რათა ჩაუტარდეს შესაბამისი საექსპერტო პროცედურები, ამის შემდეგ ის უკვე გადასვენებული იქნება ოჯახში,“ - აღნიშნა ქემოკლიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არჩილ ტატუნაშვილის საქმეს სიღრმისეულად სწავლობს.
„ამ საკითხს სიღრმისეულად ვსწავლობთ. უნდა მოხდეს საკითხის სიღრმისეული და გამჭვირვალე გამოძიება და, თუ გამოიკვეთნენ ის პირები, რომელთაც გარკვეული დანაშული მიუძღვით, უნდა დაისაჯონ,“ - აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






