საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია - პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და სერიოზული პრობლემაა, რომლის წინაშეც საქართველო დგას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პრობლემის ირგვლივ, პარტიული კუთვნილების მიუხედავად კონსოლიდაცია მოხდეს:
„მივესალმები იმას, რომ ჩვენ რეზოლუციას მივიღებთ, რომელიც მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მხარდაჭერილი არ იქნება. რაც შეეხება სანქციებს და იმას, თუ რა დაბრკოლებებს შეუქმნის ეს ამ პირებს, ამ პირების მიმართ გარკვეულ ქმედებებს ახლაც ვახორციელებთ. ოთხოზორიას შემთხვევაში მკვლელის მიმართ ძალაში შესულია განაჩენი, უბრალოდ, მისი აღსრულება ვერ ხერხდება, მაგრამ მის მიმართ საერთაშორისო ძებნა მიმდინარეობს.
ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას ამ რეჟიმში გავაგრძელებთ. მათზე შეიძლება გარკვეული სავიზო შეზღუდვების დაწესება მოხდეს და ასევე სხვადასხვა ტიპის სანქცია შეიძლება იყოს გათვალისწინებული, რაზეც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დამატებით უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






