ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, მაუწყებლის ეზოში დღეს განვითარებულ მოვლენებს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. ნიკა გვარამიას თქმით რუსთავი2-ის შენობასთან ადგილი ქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს. რ2-ის გენერალურმა დირექტორმა კატეგორიულად მოითხოვა ე.წ „ქართული მარშის“ წევრების დასჯა, რომლებმაც დღეს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასა და არხის იურისტ თამთა მურადაშვილს, ასევე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს რ2-ის რამდენიმე ჟურნალისტს:
„დღეს რუსთავი2-ის შენობასთან ადგილი ქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც ორგანიზებული იქნა ე.წ ქართული მარშის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს არც ქრისტიანულ და არც ქართული ინტერესების ძალას, ეს არის მოძალადე, რუსული ინტერესების და იქიდანვე დაფინანსებული ძალა, რომელიც პერიოდულად და სისტემატურად ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულებს და დღეს ჩაიდინა მორიგი, ფიზიკური ზემოქმედება მოახდინა ჩვენს ჟურნალისტებზე, რამდენიმე არის დაშავებული და ერთი არის ჰოსპიტალიზირებული. პრაქტიკულად თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას და არხის იურისტ თამთა მურადაშვილს, ისინი პრაქტიკულად დატყვევებული ჰყავდათ მანქანაში და რომ არა ჩვენი დაცვის სამსახურის ძალისხმევა, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებამდე მივსულიყავით. ჩვენი შეფასებით ადგილი ქონდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას, რაც არის მძიმე დანაშაული და მოვითხოვთ ამ დანაშაულში მონაწილე პირების და ორგანიზატორების სისხლის სამართლებრივი წესით მთელი სიმკაცრით დასჯას, იმგვარად რომ ისინი იყვენენ იზოლირებული საზოგადოებისგან, რათა ვერ შეძლონ შუღლის გაღვივება, ფიზიკური ზემოქმედება, შეურაცხყოფის მიყენება, დაშინება და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რ2-ის გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხად აპატრულს რეაგირებისთვის და განაცხადა, რომ შსს-ს რეაგირება სრულყოფილად არ ჩაითვლება, თუ დამნაშავეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცემიან.
მასალის გამოყენების პირობები






