საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება „ქალთა მოძრაობის“ განცხადებას, მის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატად ზვიად დევდარიანის დასახელების შესახებ. განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ
„როგორც სახალხო დამცველმა კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას, მთავარი კრიტერიუმები კანდიდატის დამოუკიდებლობა, გამოცდილება, მოტივაცია და პროფესიული კვალიფიკაცია იყო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დღესდღეობით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სახალხო დამცველისთვის პრიორიტეტული იყო. ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა განცხადებაში ასახული შესაძლო სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ და იგი კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტები ამ ეტაპზე სამართლებრივად დადასტურებული არ არის, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსიდან კანდიდატურის მოხსნის თაობაზე.“- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ქალთა მოძრაობამ საქართველოს პარლამენტს და სახალხო დამცველს მიმართა და მოუწოდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ომბუდსმენის მიერ წარდგენილი კანდიდატის, ზვიად დევდარიანის არჩევა არ მოხდეს. როგორც ქალთა მოძრაობაში აცხადებენ, ზვიად დევდარიანს რამდენიმე ქალი სექსუალური შევიწროებაში ამხელს.
მასალის გამოყენების პირობები






