აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქიმიური იარაღის შექმნა რუსეთის ფედერაციაში 70-იან წლებში მოხდა და იგი მხოლოდ რუსეთში იწარმოება. მომხდარმა შესაბამისი რეაგირება გამოიწვია დიდი ბრიატენთის მთავრობაში. პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება დაიწყო. მან გუშინ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ბრიტანეთიდან გააძევებენ 23 რუს დიპლომატს, რომლებიც რუსეთის დაზვერვასთან კავშირში არიან შემჩნეულნი.
დღეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს იმავე ნაბიჯით უპასუხებენ და რუსეთიდანაც გააძევებენ ბრიტანელ დიპლომატეს.
„ნიუპოსტი“ საკითხის შესაფასებლად საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთთან დათმობის შემთხვევაში, იგი უფრო მეტს აშავებს, აღნიშნულის გაანალიზება კი დასავლეთმა უკვე დაიწყო:
„დიდი ბრიტანეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და საერთოდ ეს სკანდალი, რომელიც ახლა აგორდა იქნება საკმაოდ სერიოზული თემა უახლოესი მომავლის პერიოდში. რეალურად მოხდა ის, რაზეც ბევრი ექსპერტი საუბრობდა, რომ როდესაც პუტინსა და რუსეთს რამეს შეარჩენ, ის ორჯერ უფრო მეტს დააშავებს სამომავლოდ. როდესაც ლონდონში ლიტვინენკო მოკლეს, რეაქცია დასავლეთისა და დიდი ბრიტანეთის მაშინ არ იყო სათანადო, მოხდა ეს უბედურება. როდესაც 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, რეაქცია არ იყო სათანადო და მოხდა უკრაინა. დასკვნა ძალიან მარტივია, როგორც ჩანს დასავლეთი მიხვდა ამას, მაგრამ გვიან, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და ახლა იღებს იმ ზომებს, რა ზომებიც მისცემს შესაძლებლობას დასავლეთს, რომ რუსეთის მოქმედება მოექცეს რაღაც ცივილიზებულ ჩარჩოებში. როდესაც მოკლეს ლიტვინენკო, ტერეზა მეი, დიდი ბრიტანეთის დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, მაშინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რეაქცია არ იყო სათანადო მაშინ და ამან განაპირობა ის, რომ პუტინს და მის გარემოცვას შეექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ“, - აღნიშნავს შაშკინი.
რაც შეეხება ქიმიურ იარაღს, რომელიც დიდ ბრიტანეთში იქნა გამოყენებული, დიმიტრი შაშკინი „ნოვიჩოკის“ შექმნისა და მისი წარმოების საკითხს, ასევე მოქმედების ძალას ჩვენთან საუბრისას დეტალურად აღწერს:
„ეს თემა მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ლონდონში გამოიყენეს საწამლავი, რომელიც ჩვეულებრივი არ არის. „ნოვიჩოკი“ - ეს არის სახელი ამ ქიმიური იარაღის, ის არის შემუშავებული რუსეთში 70-იან-80-იან წლებში და წარმოადგენს არა საწამლავს, არამედ ქიმიურ იარაღს. „ნოვიჩოკის“ სიძლიერე, როგორც იარაღის მდგომარეობს იმაში, რომ ის იშლება რამდენიმე კომპონენტად და ამ კომპონენტების გადაადგილება საკმაოდ მარტივია, სანამ არ მოხდება ამ კომპონენტების შერევა, ეს იარაღი არ წარმოადგენს საშიშროებას. მისი ძალა ბევრად აღემატება ცნობილი შხამების ძალას. „ნოვიჩოკზე“ ინფორმაცია გაიჟონა 90-იან წლებში, როდესაც ერთ-ერთი ავტორი ამ ქიმიური იარაღისა, გაიქცა დასავლეთში და ბუნებრივია ეს ინფორმაცია დასავლურ ქვეყნებს მიაწოდა. გარდა რუსეთისა, ამ იარაღს არავინ აწარმოებს, გარდა რუსეთისა ამ იარაღის მარაგი არ გააჩნია არავის.
აქ უბედურება არის რამდენიმე კომპონენტიანი, ერთი პრობლემა არის ის, რომ რუსეთმა გამოიყენა ეს იარაღი სხვა ქვეყანაში და დიდი ბრიტანეთის შუაგულში სცადა ადამიანების მკვლელობა. მეორე არის ის, რომ ეს იარაღი არის სახელმწიფოს მიერ კონტროლზე აყვანილი და სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ამ იარაღს ვერავინ ვერ ჩაიგდებს ხელში, ზუსტად ამიტომ იყო ასეთი ცალსახა დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთის პოზიცია, რომ ეს არის რუსეთის სახელმწიფო ნებართვით გამოყენებული ქიმიური იარაღი.
ბევრს არ ესმის თუ რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი ახლა ატეხილი ამ თემის გარშემო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ესმოდეთ ეს არ არის ჩვეულებრივი საწამლავი, ეს არის ქიმიური იარაღი, რომლის მარაგი და წარმოება არის მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში, ის ექვემდებარება ყველანაირ ხელშეკრულებას ქიმიური იარაღის განადგურების და ქიმიური იარაღის არგამოყენების თაობაზე. ფაქტია, რომ ეს ყველა ხელშეკრულება არის დარღვეული რუსეთის მიერ, მან არა მხოლოდ არ გაანადგურა ეს იარაღი, არამედ გამოიყენა იგი და გამოიყენა სხვა ქვეყანაში. ამიტომ, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ იქნება ძალიან დიდი ტალღა ანტირუსული სანქციების, ანტირუსული რიტორიკის. თუ დასავლეთმა ახლა ვერ მოახერხა, რომ რაღაც ჩარჩოები აჩვენოს რუსეთს, ეს ბუნებრივია, როგორც თოვლის გუნდას ეფექტი, გაგრძელდება. სულ ამას ვამბობდით საქართველოში, რადგან სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება რუსეთთან ურთიერთობაში, ეს არის ტიპიური 19-ე საუკუნის აზიური ფილოსოფიის ქვეყანა, რომელმაც თუ რამე გააკეთა ცუდი და შერჩა, ის ორჯერ მეტს გააკეთებს შემდეგ ნაბიჯზე. ის, რასაც დასავლეთი ცდილობდა, რომ მოფერებით, მოლაპარაკებებით მოეგვარებინა, ყველაფერი დაუბრუნდა ბუმერანგის ეფექტით დასავლეთს.
არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელი ურევია „ბრექსითის“ საკითხში, რადგან რუსული “ბოტების ქარხნები” ძალიან აქტიურად მუშაობდნენ იმისათვის, რომ „ბრექსიტის“ გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო. გარდა ამისა, ეს ქიმიური იარაღი, რომელიც გამოიყენეს, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ კიდევ უფრო ცუდ შედეგებს მიიღებს დიდი ბრიტანეთი, რადგან „ნოვიჩოკს“ აქვს ძალიან ცუდი თვისება, რომ ის მოქმედებს 18 დღის განმავლობაში გამოყენების შემდეგ, მისი ძალა 18 დღის განმავლობაში არსებობს და არსად ქრება და რა შედეგებს მიიღებს დიდი ბრიტანეთი ამ იარაღის გამოყენების შემდეგ ცნობილი გახდება 10 დღის შემდეგ. არ არსებობს ამ ქიმიური იარაღის გამანეიტრალებელი წამალი, 18 დღის განმავლობაში თუ ვინმეს ჰქონდა შეხება მოწამლულ ობიექტთან და იმ არეალთან, სადაც ეს იარაღი იყო გამოყენებული, ეს ადამაინებიც დაავადდებიან და რამდენი იქნება ასეთი ადამიანი, რთულია ამის თქმა. ფაქტი არის ის, რომ რუსეთის ფედერაციამ ევროპის ერთ-ერთ დაცულ და წამყვან ქვეყანაში გამოიყენა ქიმიური იარაღი იმისათვის, რომ ეჩვენებინა, მისთვის არანაირი ნორმები, არანაირი ფასეულობები არ არსებობს. მათ სურდათ ეჩვენებინათ, რომ მათი ყოფილი აგენტი უნდა მოეკლათ, რადგან კარგად იციან, რომ ქვეყანა ნელ-ნელა იშლება და ყველაზე მეტად რისიც ახლა ეშინია პუტინს არის შიდა ბზარები, რომელიც მის სპეცსამსახურებში არის. მათ თავიანთი სპეცსამსახურის ოფიცრებს სიგნალი გაუგზავნეს, რომ თუ თქვენ მიგვატოვებთ, თუ თქვენ სხვა ბანაკში გადახვალთ, ყოველთვის გიპოვით და მოგკლავთ. ისინი ამ ძალის დემონსტრირებით ცდილობენ მოსახლეობას აჩვენონ, რომ თუ ვინმემ უღალატათ ბუნებრივია ამ ადამიანებს მოკლავენ“, - განმარტავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ არსებულ სიტუაციაში საქართველო დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთის გვერდით უნდა დადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი საერთოდ გაგვანადგურებს:
„ყველა ნორმალურ ადამიანს ესმის, რომ საქართველო ახლა უნდა იყოს დასავლელ პარტნიორებთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველო დასავლურ ოჯახთან ერთად არ იყოს. მათ ჰგონიათ, რომ თუ ჩვენ მოვშორდებით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ამით ჩვენ კოჭს გავუგორებთ რუსეთს, ეს ასე არ იქნება, რადგან რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც სადაც გასდის, იქ ათმაგს აკეთებს. სამწუხაროდ, ნახევრად გადადგმული ნაბიჯი არაფრისმომტანია, ან ჩვენ ვართ დასავლეთთან, ან რუსეთი საერთოდ გაგვანადგურებს“, - დასძენს შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






