აღნიშნულ ვითარებაში, რუსეთი საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება, თუმცა, ჯერჯერობით მათი გაცხადებისგან თავს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდ ბრიტანეთს მხარს უჭერს და რუსეთის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან მიმართებით.
„ნიუპოსტი“ სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის უფროს მკვლევარს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გიორგი ბადრიძეს დაუკავშირდა. ბადრიძე აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიული მოქმედებები დაწყებულია საკმაოდ ადრე და ამის ერთ-ერთ მტკიცებულებად ლიტვინენკოს მკვლელობა მოჰყავს ბრიტანეთის ტერიტორიაზე. იგი ასევე აცხადებს, რომ დასავლური სამყარო იმ იმედით, რომ რუსეთთან დიალოგი ცივილიზებული მეთოდებით შესაძლებელი იყო, განსაკუთრებულ ზომებს არ იღებდა მის აგრესიაზე:
„რუსეთის მხრიდან აგრესიული მოქმედებები, არა მხოლოდ საკუთარი მეზობლებისადმი, არამედ განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოებისადმი, დაწყებულია საკმაოდ ადრე და მიზნად ისახავდა ერთგვარად მინიშნებას, რომ რუსეთი არ სცნობს ცივი ომის დამთავრების შემდეგ ჩამოყალიბებულ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო სისტემას. ამის შესახებ რუსეთს პირდაპირ აქვს გაცხადებული 2005-2007 წლებში, მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე და ჩემი აზრით, საქართველოში განხორციელებული რუსული აგრესია პირველი სერიოზული ეპიზოდია იმაში, რასაც მაშინვე ვუწოდებდი ახალ ცივ ომს, ოღონდ ეს იყო ცალმხრივი ცივი ომი. რუსეთი იქცევა ისე, როგორც ცივ ომში იქცევიან მხარეები, ხოლო დასავლეთი ამ დროის განმავლობაში ცდილობდა თუ იგნორირებას არა, რაღაცნაირად ამის უპასუხოდ დატოვებას იმედით, რომ რუსეთთან შეიძლებოდა ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება.
2008 წლის ომისთვის რუსებს უკვე ჰყავდათ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ტერორისტული მეთოდებით, შპიონაჟის ყველაზე სერიოზული მეთოდებით მოკლული საკუთარი ყოფილი აგენტი ლიტვინენკო. მაშინ პასუხი ამაზე იყო, შეიძლება ითქვას, რომ უნიათო. შემდეგ, 2008 წლის შედეგები - რუსეთს აგრესია არაფრად დაუჯდა საქართველოში და მივიღეთ უკრაინაც.
2014 წლის შემდეგ დასავლეთმა დაიწყო იმის გათავისება, რომ მხოლოდ დაყვავებით რუსეთთან ვერაფერს გახდები და ერთგვარი საკმაოდ სუსტი, მაგრამ საპასუხო ზომების შემოღება დაიწყო სანქციების სახით.
დღეს არის ერთგვარი გააზრების მომენტი ბრიტანეთში, როდესაც აშკარაა, რომ უპასუხოდ დატოვება რუსეთის ასეთი ღია ცინიკური აგრესიისა უფრო ძვირი დაუჯდება. აგრესორის მიმართ დათმობა, მხოლოდ წაახალისებს აგრესიას.
ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ გააძევეს 3 რუსი საგარეო დაზვერვის თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა დიპლომატიურ საფარქვეშ, დღეს ლაპარაკი გვაქვს 23-ზე. ასევე განსხვავებით წინა შემთხვევისა, გამოცხადდა შეზღუდვა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე კონტაქტების, გამოცხადდა შესაძლო ბოიკოტი ფეხბურთის ჩემპიონატის და კიდევ ზომები, რომლებიც ჯერ ოფიციალურად არ იქნა გაცხადებული. მე ვვარაუდობ, რომ ეს ზომები ეხება ბრიტანეთის შიგნით, რუსი ოლიგარქების ქონებას, წლების განმავლობაში ფულის გათეთრების მიმდინარე ოპერაციებს, რომლებსაც ბრიტანეთის ხელისუფლება მუდმივად აიგნორებდა და არ იყო საჭირო არანაირი სანქციების დაწესება იმისათვის, რომ უბრალოდ საკუთარი კანონმდებლობა აღესრულებინა ან ბრიტანეთს ან სხვა ქვეყნებს, როცა მათ ცხვირწინ რუსეთიდან მოპარული შავი ფული ირეცხებოდა მათივე ფინანსური ინსტიტუტების მიერ. განვითარებას ველი, ეს არ არის დრამატული პასუხი, რაც ჯერჯერობით ვიხილეთ, უბრალოდ არის ცოტა უფრო მკვეთრი, საგრძნობი ვიდრე წინა ჯერზე“, - აღნიშნავს გიორგი ბადრიძე.
რაც შეეხება რუსეთის საპასუხო რეაქციას, ბადრიძე მიიჩნევს, რომ მისი რეაქცია მწვავე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი გაცილებით მკაცრ სანქციებს აამოქმედებს, სხვა შემთხვევაში რუსეთისთვის მისაღებიც კი არის გარკვეული ტიპის კონფლიქტი დასავლეთთან, რათა საკუთარ მოსახლეობას აჩვენოს ძალა, როგორც მათმა დამცველმა:
„რუსეთის პასუხის ნაწილი ჩვენ ვიხილეთ გაეროში, მათი წარმომადგენლის სახით, რუსული პოლიტიკური სისტემა, რომელიც არ გულისხმობს არანაირ პლურალიზმს, არანაირ დემოკრატიას, ამის მიუხედავად პუტინის და ნებისმიერი ადამიანის კრემლში ძალაუფლებას სჭირდება თუ არა მასების მხარდაჭერა, სულ მცირე მორჩილება, იმის შეგრძნება რუსეთის მოსახლეობაში, რომ კრემლში ზის ძლიერი, ყოჩაღი, მათი დამცველი ძალა, ამისათვის აუცილებელია კონფლიქტის შეგრძნება რუსეთსა და დასავლეთს შორის. ასე რომ რუსეთი საკმაოდ კომფორტულად იგრძნობს თავს, თუ იქნება ეს კონფროტაცია და პასუხი დასავლეთის მხრიდან შემოფარგლული მხოლოდ რიტორიკით. ეს არის იდეალური გამოსავალი რუსებისთვის, თუ ეს პასუხი გამოიხატება უფრო სერიოზულ სანქციებში, მაგალითისთვის უფრო მეტად შეზღუდავს გაზისა და ნავთობის წარმოებაში აუცილებელი ტექნოლოგიების მიწოდებას რუსეთისათვის, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ამდენი წლის შემდეგ რუსეთი ისევ დამოკიდებულია დასავლურ ტექნოლოგიებზე, თუ უფრო მეტად შეიზღუდება კაპიტალის მიდინება რუსეთში და დასავლეთში რუსების მიერ მოპარული ფული, რომელიც თეთრდება, თუ მათ შეეხება დასავლეთი სერიოზულად, მაშინ შედეგს ვნახავთ. რადგან რუსეთი არ არის ჩრდილოეთ კორეა, საკმაოდ რაციონალური ადამიანების მიერ იმართება და როდესაც მათ ინტერესებს შეეხები, ისინიც აშკარად შეიცვლიან ნირს და შესაძლოა რაღაც ახალი ვიხილოთ“, - აღნიშნავს ბადრიძე.
მასალის გამოყენების პირობები






