ბაჩუკი ქარდავამ მოაწერა ხელი, ოპოზიციის ერთობლივ მიმართვას, რითაც ხელისუფლების ოპონენტები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს RMG Gold-ის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონის გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ.
ედპ-ს ლიდერმა სოფელ დიდ დმანისში შპს RMG Gold-ის მომიჯნავედ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონს "მტაცებლობა" უწოდა და თქვა, რომ ამ ყველაფრის უკან "ერთი კონკრეტული ადამიანი დგას, რომელსაც ხელისუფლება სრულად ემორჩილება".
"რაც საქართველოში დღეს ხდება, ეს მტაცებლობაა და სხვა არაფერი. დავიწყოთ იქიდან, რომ კატასტროფული ზიანი ადგება ბუნებას და ზარალდებიან ადამიანები. დამერწმუნეთ, დღეს რიგითმა მოქალაქემ რომ თუნდაც 100 კვადრატი მიწის ყიდვა მოინდომოს, 15 000 ლარად მას ის ვერ შეიძენს. საქართველოში ამის უფლება მარტო ერთ ადამიანს აქვს, იმიტომ რომ მას ხელისუფლებაში პირადი მთავრობა ჰყავს და ქვეყანასაც პირად საკუთრებად მიიჩნევს. ვფიქრობ, ის 15 000 ლარიც, სიმბოლურად დაადეს, თორემ ამის გადახდასაც არ აპირებდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისთვის რომ აუქციონის შეჩერება მოხდეს"- აღნიშნა ქარდავამ.
მისივე თქმით, ოპოზიცია საყდრისის გადარჩენის იდეის ირგვლივ ერთიანია.
"სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა ოპოზიციური პარტიების ერთობა კონკრეტული საკითხების გარშემო და როგორც ხედავთ სულ უფრო და უფრო იმატებს იმ საკითხების რაოდენობა ქვეყანაში, რაც ჩვენ, მიუხედავად განსხვავებებისა გვაიძულებს დავდგეთ ერთად. ჩვენი ინტერესი და ერთად დგომის მიზეზი სახელმწიფოებრიობის გადარჩენაა, ხოლო დღევაბდელი ხელისუფლების მიზანი მხოლოდ პირად ინტერესებზე ზრუნვაა"- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
განცხადების ავტორები, აცხადებენ, რომ თუ ეკონომიკის სამინისტრო არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას, ისინი საზოგადოებრივ ფონდს შექმნიან და კონკურენციას გაუწევენ შპს RMG Gold-ს.
მასალის გამოყენების პირობები






