რუსეთის ფედერაციის პასუხს საქართველოს-პრემიერ მინისტრის წერილზე, თავად გიორგი კვირიკაშვილი დღევანდელ მტავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული წერილი საუბრისთვის სივრცეს ტოვებს:
„მინდა, აუცილებლად აღვნიშნო იმ პასუხის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მივიღეთ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლება არ იყოს მისაღები ამ პასუხში, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად სათქმელია – ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას. არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანს.
ეს მცირედი პროგრესი არის საქართველოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში თუ რამ სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება.
ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა აბსოლუტურად ჯანსაღად აფასებს იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






