დიდი ალბათობით, გიორგი კვირიკაშვილი სერგეი ლავროვის უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას დღეს, მთავრობის სხდომაზე უპასუხებს.
რაც შეეხება ოპოზიციას, მთავრობის მეთაურის მიმართვა რუსეთისადმი ამ დრომდე კრიტიკის საგანია.
კვირიკაშვილის განცხადებას მისი გადადგომის საფუძვლად მიიჩნევენ "ნაციონალურ მოძრაობაში".
"რუსეთის მხრიდან პასუხი იყო არა კონსტრუქციულობა და დათმობა, არამედ ცინიზმი. ასეთი მოღალატეობრივი მლიქვნელობა ასუსტებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს და ვერანაირ შედეგს ვერ აღწევს. ასეთ სიტუაციაში ერთ-ერთი ადეკვატური ქმედება ხელისუფლების მხრიდან იქნება პრემიერ-მინისტრის გადადგომა,"-განცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
"ევროპული საქართველო" პრემიერს პრინციპული განცხადებს გაკეთებას ურჩევს.
"პრემიერმა ამ თავისი აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებით, რომელმაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესი, ახლა უმრავლესობის წარმომადგენლები ცდილობენ ამ სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ ამას გამოასწორებს მხოლოდ პრინციპული და არაორაზროვანი განცხადებები,"-აცხადებს ოთარ კახიძე.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, აქ დიალოგის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას და დარწმუნებულები არიან, რომ კვირიკაშვილმა სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ოფიციალურ რუსეთს მიმართვა გაუგზავნა.
"საჭირო არის კომუნიკაცია მათ შორის ოკუპანტთანაც და მტერთანაც. მე მიმაჩნია რომ პრემიერის გადაწყვეტილება რომ ის განცხადება გაეკეთებინა, იყო სწორი, მე ამას ყველანაირად ვეთანხმები, პოლიტიკურად ეს ვისაც როგორ უნდა ისე შეაფასოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ყველა მოქალაქის წინაშე,"-აცხადებს გედევან ფოფხაძე.
მასალის გამოყენების პირობები






