რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართულ წერილს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაურ კოვე აფასებს.
"ჩვენ მივაქციეთ ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მორიგ განცხადებას, სადაც იგი ადასტურებს, რომ ქართული მხარე მზად არის აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის პირველი მსგავსი ხასიათის განცხადება, რომელსაც ქართული მხარე აკეთებს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ რეალურ ნაბიჯებს საქართველოს მხრიდან, რომლებიც დიალოგის დაწყებას და კონფლიქტის მოგვარებას შეუწყობდნენ ხელს," - აცხადებს კოვე.
მისი აზრით, მთავარი წინააღმდეგობა, რომელიც ამ დიალოგს უშლის ხელს, ძალის გამოუყენებლობის ერთობლივ დოკუმენტზე ხელმოწერაზე ქართული მხარის უარია.
"ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა კარგი საფუძველი იქნებოდა ქართულ-აფხაზური დიალოგის დაწყებისათვის, რომელიც დაარეგულირებდა საქართველოსა და აფხაზეთს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებს, რუსეთისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების სხვა საერთაშორისო აქტორების შუამავლობით," - აცხადებს მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი.
მისი თქმით, აფხაზური მხარე მზად არის დიალოგისა და ურთიერთმისაღები კომპრომისისთვის, რომელიც "ორ ქვეყანას შორის არსებულ სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის".
"მთავარი პრობლემა ამგვარი ინიციატივების რეალიზაციისთვის საიმედო პლატფორმის შექმნაა, რომელსაც მთელი პროცესი დაეფუძნება, ვიმეორებ, ასეთ საფუძვლად, ჩვენი გაგებით, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერაა. ვიმედოვნებ, რომ ანჯერად მაინც საქართველოს ხელისუფლება გამოავლენს პოლიტიკურ ნებას და საკუთარი განცხადებების პრაქტიკულ რეალიზაციას შეუდგება," - აცხადებს კოვე.
მასალის გამოყენების პირობები






