როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, კომპანიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ამიტომ თბილისის მერიას კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის გამო კომპენსაციის გადახდა არ მოუწევს.
"ჩვენ არანაირი ზიანის ანაზღაურება არ დაგვეკისრება, ვადებიც იმაზე მეტი ვადები მივეცით, ვიდრე ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა, რაც სამწუხაროდ, უშედეგოდ გავიდა. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
საჯარიმო თანხის გადახდა მხარეს იმ შემთხვევაში უწევს, როდესაც ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ წყვეტს, რაც ჩვენს შემთხვევაში არ მომხდარა იმიტომ, რომ კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შელახა, ყოველმხრივ, საზოგადოებრივი ინტერესები და მოქალაქეების უფლებები, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
კომპანიამ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ერთადერთი ვალდებულება - საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა, დახაზვა და საპარკინგე ნიშნების დაყენება, ასევე შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი, დაახლოებით 30%-ზე მეტი საპარკინგე სივრცეების არის მოუწესრიგებელი, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით ხელშეკრულების პირობების დაცვით.
ხელშეკრულება დადებულია 2007 წელს. კომპანიას შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა. საგარანტიო უზრუნველყოფა ნახევარ მილიონ ლარამდეა წარმოდგენილი, თუმცა ამასთან დაკავშირებით კიდევ დამატებითი სამართლებრივი პროცედურებია გასატარებელი. ორმხრივ რეჟიმში გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს. გარკვეულწილად გადმობარების პროცესი უნდა დაიწყოს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, იმიტომ, რომ უწყვეტად განხორციელდება პარკირების ოპერირება, მუნიციპალიტეტში.“ - განაცხადა ვიცე-მერმა.
მასალის გამოყენების პირობები






