როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა "ნიუპოსტს" უთხრა, თავის დროზე ივანიშვილის ხელისუფლებამ აბაშიძე-კარასინის ფორმატი ჟენევის მოლაპარაკების ალტერნატივად შექმნა.
"სამწუხაროდ ხელისუფლებას არ ესმის, რომ ჟენევის ფორმატს ალტერნატივა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია ვეუბნებით, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის შექმნით ცდილობდნენ ორმხრივი ალტერნატივა შეექმნათ იმ მრავალმხრივი ფორმატისთვის, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან და სადაც რუსეთს გაუჭირდება ჩვენი ეროვნული ინტერესების ფეხქვეშ გათელვა. მე არ მიკვირს ხელისუფლების განცხადებები, რომელიც ღიად თანამშრომლობს რუსეთთან, აწვდის ინფორმაციას ჩვენი მეომრების შესახებ, ის ათავისუფლებს რუს ჯაშუშებს და აცხადებს მათ გმირებად.
ეს არის ხელისუფლება, რომლის მინისტრები პუტინს მტრად არ აღიქვამენ, ეს არის ხელისუფლება, რომლის პრემნიერ-მინისტრი ენის მოჩლექით ესაუბრება ოკუპანტ ქვეყანას, ნაცვლად იმისა, რომ პრინციპული პოზიცია დააფიქსიროს და საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება მოახდინოს ჩვენი ინტერესების გასატარებლად.
ეს არის სამარცხვინო და ქვეყნის ღალატი, თუმცა ბიძინა ივანიშვილის მარიონეტული ხელისუფლებისგან არაფერი მიკვირს"- აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.
რაც შეეხება რეზოლუციას, რომელმაც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამო ოკუპანტთა ქმედება უნდა დაგმოს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ მასში სანქციების ნაწილი თუ არ ჩაიდო, ეს ფარატინა ფურცელი იქნება.
"ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი რეზოლუციის მიღება, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქნება ჩადებული. ხელისუფლებას სურს მიიღოს დეკლარაციული ხასიათის რეზოლუცია, რომელიც ფარატინა ქაღალდად დარჩება. იმის საშუალებას, რომ ასეთი რეზოლუცია გაყიდონ, როგორც ქმედითი ნაბიჯი ჩვენ, პროდასავლური ოპოზიცია ნამდვილად არ მივცემთ. რეზოლუციაში აუცილებლად უნდა ჩაიდოს აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმება, სხვა შემთხვევაში მმართველი პარტიის რეზოლუცია იქნება მხოლოდ ოცნება და ფარატინა ქაღალდი"- განმარტა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






