სახელმწიფო მინისტრის განცხადებას „ნიუპოსტთან“ საუბრისას კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი აფასებს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მომგებიანია რუსეთის ფედერაციისთვის:
„საქართველოს რეალობაში მყოფი საზოგადოების ნებისმიერ წევრს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს, თან გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოუტანოს არამხოლოდ პერსონალურად მას, არამედ მთლიანად საზოგადოებას, მომავალ თაობასაც კი. ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ძალიან მაღალი სტანდარტი უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობისა, იმიტომ რომ დღეს ისინი მართავენ სახელმწიფოს, რომელიც ოკუპირებულია. მათი ზრუნვის საგანი უნდა იყოს ყოველდღიური, რომ მოახდინონ დეოკუპაცია და საზოგადოების კონსოლიდაცია ამ გზაზე და არა ამდაგვარი განცხადებებით, რომლებსაც პრაქტიკულად საფუძველი შეიძლება ეწოდოს სამომავლოდ ოკუპანტისთვის, რომ თქვას, ქართული საზოგადოება მიიჩნევს არსებულ ფორმატს მიუღებლად. ჩვენ არ გვაქვს რესურსი საერთაშორისო ურთიერთობების წრეში, ისეთი ფორმატით, რომლითაც შეგვიძლია რუსეთის ოკუპაციას და ოკუპაციის თემას საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში გავუწიოთ ოპონირება ან ძალისხმევა მივმართოთ დეოკუპაციისკენ. რაც გაგვაჩნია, როდესაც იმასაც ეჭვქვეშ ვაყენებთ, ბუნებრივია, ეს არ არის არც გონივრული და არც სახელმწიფოებრივი, გარკვეულწილად ეს იქნება დამატებითი კოზირი ოკუპანტისთვის იმის ხაზგასასმელად, რომ ეს მრავალმხრივი ფორმატები ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ არ არის ეფექტურად მიჩნეული“, - აღნიშნავს ალაფიშვილი.
ექსპერტი პარალელს ავლებს გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასთან, რომელიც მან რუსეთის ხელისუფლების მიმართ გააკეთა და აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ იგი რუსეთის ფედერაციასთან ერთიერთზე დაჯდომას მხარს არ დაუჭერს:
არ მინდა დავიჯერო, რომ პრემიერის განცხადების გაგრძელბაა ეს. თუ ორივე განცხადებას ერთობლიობაში წავიკითხავთ, შეიძლება გარკვეული ახალი ხაზიც კი დავინახოთ, პირველ განცხადებაში თუ საუბარია პირდაპირ დიალოგზე, მეორე ნაწილში საუბარია არსებული საერთაშორისო, პრაქტიკულად ერთადერთი ფორმატის არაეფექტურობის შესახებ. მივიღებთ იმას, რომ რეალურად საქართველოს სახელმწიფო მიიჩნევს რა საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის, მისი მეგობრების ჩართულობით არსებულ ფორმატს არაეფექტურად და მზად არის ოკუპანტ რუსეთთან დაჯდეს სალაპარაკოდ მათ გარეშე. მოხარული ვიქნები, თუ ამ შემთხვევაში, არა სოზარ სუბარი, არამედ უკვე პრემიერი გააკეთებს მკაფიო განცხადებას ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ერთიერთზე დაჯდომას არ დაუჭერს მხარს“, - განმარტავს ექსპერტი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






