როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, პრემიერის მხრიდან მსგავსი განაცხადის გაკეთება ქვეყნისთვის დამაზიანებელია და საბოლოოდ ნეგატიურ შედეგს გამოიღებს.
„ცინიკურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. დღეს არსებულ ვითარებაში და იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქე მოკლეს და მის ცხედარს წარმოუდგენელი ცინიზმით ეპყრობიან, მსგავსი განცხადება ჩემთვის სრულიად გაუგებარია. დღეს ქართული მხარე უნდა საუბრობდეს იმაზე, რომ რუსეთზე საერთაშორისო წნეხი გაზარდოს იმისთვის, რათა რეალურად დავარწმუნოთ რუსეთი, რომ მსგავს ნაბიჯებსა და ყველა დარღვეულ პირობაზე პასუხისგება მოუწევს. ამის ნაცვლად, პრემიერი რუსეთს, ფაქტობრივად, კომფორტს უქმნის, როდესაც მათთან კვლავ უპირობოდ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე საუბრობს იმის ნაცვლად, რომ საკუთარი გზავნილი გაამკაცროს. ეს განცხადება ასევე დამაზიანებელია იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთის ინტერესებშია, რომ ამ კონფლიქტში მხარედ არ მოიაზრებოდეს და ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს, ოსებს ან აფხაზებს დამოუკიდებელი პოლიტიკური ნება აქვთ და შეუძლიათ მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან აწარმოონ. ჩვენ დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან გვჭირდება, მაგრამ ამ დიალოგის პარალელურად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე სერიოზული პოლიტიკური ზეწოლაა საჭირო. პრემიერის განცხადება მე ასე გავიგე, რომ დღეს იმ რეზოლუციის ტექსტის მიღება, რომელიც პარლამენტში თავად უმრავლესობამ წარადგინა, როგორც ჩანს, ქვეყნის რეალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიზანშეწონილად ჩათვლილი არ არის. პრემიერმა მისი გზავნილი გააჟღერა, რომ რუსეთთან დათმობისა და დათბობის პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. ეს მიმართვა ჩვენი ქვეყნისთვის საბოლოოდ ნეგატიურ შედეგს გამოიღებს“ - აღნიშნა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






