ენმ-ის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ,,ნიუპოსტთან“ საუბარში ამბობს, დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის ირგვლივ მსჯელობა. დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პარტია, რომელიც ამ ბრძოლაში ცალკე კანდიდატს დააყენებს, ის ,,ხელისუფლებას თამაშში შეჰყვება“.
„თვითმმართველობის არჩევნებმა ჩვენ გვაჩვენა, რომ რეალურად „ქართული ოცნება“ აკეთებეს სრულ მონოპოლიზაციას და არჩევნებს ატარებს ძალიან სერიოზული მანიპულაციების ფონზე, გაყალბების ფონზე და რეალურად ჩარეულია მთელი ადმინისტრაციული რესურსი. ეს დადასტურდა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით. ამიტომ, რეალურად მთელ რიგ ნაბიჯებს და კონსულტაციებს აწარმოებს ოპოზიცია და ამაში ჩვენც ვართ ჩართულები. ეს ეხება, პირველ რიგში, საერთო ოპოზიციურ სარჩელს, რომელიც გვსურს წარვადგინოთ საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და ამასთან, ერთიანი ოპოზიციური ფრონტის საერთო საპრეზიდენტო ძლიერი კანდიდატი. ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხდეს, რაც ნამდვილად გარდაუვალი გახდება თუ ეს იქნება ერთიანი ოპოზიციური შეტევა ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატით.
ჩვენ განვიხილავთ საპრეზიდენტო არჩევნებს როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს. შესაბამისად, ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც თვლის, რომ იგი არის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგი, თუ ცალკე კანდიდატს დააყენებს საპრეზიდენტო არჩევნებზე და არ იქნება მონაწილე ზოგადად ამ კონსულტაციების, შესაბამისად ის შეჰყვება ხელისუფლებას თამაშში, რომელსაც ჰქვია ვითომ ე.წ. პლურალისტური გარემოს შექმნა და რაღაც ფასადური დემოკრატია. ვთვლით, რომ გამოსავალი უნდა იყოს ერთიანი ოპოზიციური ფრონტი“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
მასალის გამოყენების პირობები






