"მოგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა სადღესასწაულო მორთულობის ფარგლებში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატის საარჩევნო სლოგანის წმ. გიორგის ძეგლის გარშემო განთავსების ფაქტი და მიიჩნია, რომ მას პარტიის რეკლამირების ფუნქცია გააჩნია. კერძოდ, სახალხო დამცველის შეფასებით, სლოგანის განთავსების ადგილის, ფორმისა და კონტექსტის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედება მიზნდ ისახავს პარტიის მიმართ მოსახლეობის ინტერესეის/მხარდაჭერის ფორმირებას ან/და შენარჩუნებას. დასახელებული გარემოება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სხვა პარტიებთან შედარებით პოლიტიკურ უპირატესობას ანიჭებს და შესაბამისად, წარმოადგენს შემოწირულობას. ხოლო ვინაიდან პარტიული სლოგანის განთავსება განხორციელდა ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით. ის აკრძალულ შემოწირულობად მიიჩნევა. აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველმა 2018 წლის 15 თებერვლის #04-2/2666 წინადადებით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებასთან დაკავშირებით. ადრესატი უწყების მხრიდან განხორციელებული რეაგირების თაობაზე აპარატს ინფორმცია მოცემული ეტაპისთვის არ მიუღია."- აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურნენ როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში", ასევე თბილისის მერიაში.
ენმ-ს წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, ომბუდსმენის წერილში შავით თეთრზეა აღნიშნული, რომ კახა კალაძემ საბიუჯეტო სახსრები პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენა:
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აუდიტის სამსახურს იმოქმედოს კანონის შესაბამისად. დაჯარიმდეს „ქართული ოცნება“ და სასამართლომ კონკრეტულ პასუხისგებაში მისცეს ადამიანები, რომლებმაც პარტიული სლოგანი დაგვიკიდეს თავისუფლების მოედანზე"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თბილისის მერს მოადგილის ირაკლი ბენდელიანის თქმით, "სიცოცხლით სავსე ქალაქი" არა პარტიული სლოგანი, არამედ კალაძის გუნდის მიზანია:
"სახალხო დამცველის წერილს არ გავცნობივარ, თუმცაღა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის პარტიული სლოგანი და აქ არის მიზანზე საუბარი, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ. სასამართლოში ეს საქმე გაგძელდება თუ არა, მე ვერ გეტყვით, ეს უნდა კითხოთ იმ მხარეს, ვისაც ამის ინტერესი აქვს, თუმცაღა დედაქალაქის მერია ნებისმიერი გამოწვევისთვის მზადაა.“- განაცხადა ბენდელიანმა.

მასალის გამოყენების პირობები






