კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვისწინაღობა არ არის, თუმცა სირთულეს წარმოადგენს.
ამის შესახებ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯეიმს აპატურაიმ ამერიკული „ჰერითეიჯფაუნდეიშენის“ კვლევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობას ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული კომპრომისით შეიძლება დათანხმდეს.
საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მეხუთე მუხლის დროებით ამოქმედების გარეშე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე.
აპატურაის თქმით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკას.
„ვერ ვიტყვი, რომ ეს არის წინაღობა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სირთულე. ეს არის პოლიტიკური საკითხი. თუმცა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკას, ქართულ რეფორმებს, საქართველოს მისწრაფებას და არაერთხელ ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. რუსეთი წლებია, საქართველოს ტერიტორიებზე იმყოფება და ამ სირთულეების ცოდნის ფონზე, ნატო აცხადებს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და აქვს ყველა ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. ასე რომ, ეს სირთულე ნამდვილად არის“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ამასთან, აპატურაის თქმით, ნატო-ს სახელმწიფოებს „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ წარმოდგენილ საკითხზე არ უმსჯელიათ.
მისი მოსაზრებით, არ არის რეალისტური, ვიმსჯელოთ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გარეშე ან მისი ნაწილობრივი ამოქმედების პირობითგაწევრიანებაზე.
„უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ წარმოდგენილ საკითხზე არ უმსჯელია.
შემიძლია, ჩემი მოსაზრება გითხრათ და საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო. გულწრფელად რომ გითხრათ, არ არის სასარგებლო და რეალისტური, ვიმსჯელოთ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გარეშე ან მისი ნაწილობრივი ამოქმედების პირობით გაწევრიანებაზე. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ წარმოდგენილი წინადადება შეიცავს და დაკავშირებულია სირთულეებთან, ძალიან ბევრ შესაძლო სირთულესთან.
აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არ არის რეალისტური ხალხმა ამ თემაზე იფიქროს და იმსჯელოს. ალიანსის წევრი ქვეყნების ყურადღება კონცენტრირებულია ქართული რეფორმების მხარდაჭერაზე. ეს არის საკითხი, რაზეც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებს კონსენსუსი მიღწეული აქვთ. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიმართ პატივისცემის მიუხედავად, არ არის კარგი იდეა და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ გაჩნდეს ამ სცენარის ირგვლივ მოლოდინი საზოგადოებაში“, – აცხადებს აპატურაი.
მისივე მოსაზრებით, ამ სცენარის შემთხვევაში ძალიან მარტივი იქნება პროვოკაციების და კონფლიქტის გაღვივების შესაძლებლობა.
სრულად იხილეთ 1tv.ge
მასალის გამოყენების პირობები






