ახალგორის რაიონის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ "როგორც ჩანს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დღეს გადმოცემის მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა".
თინიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადება შეაფასა.
„გავეცანით ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ბიბილოვის განცხადებას, რომ თურმე ერთი თვეა საჭირო ექსპერტიზის ჩასატარებლად. ეს არის არაადამიანური დამოკიდებულება, შურისძიება. კაცი მოკლეს და მკვდრის წამებასაც განაგრძნობენ და არა მხოლოდ მიცვალებულის, არამედ მთელი ქვეყნის დაცინვაა, ცინიზმია და მეტი არაფერი“, - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების მიერ ომის დროს დაკარგული სამი პირის გადაცემის საკითხს, თინიკაშვილი ამბობს, რომ სეპარატისტული რეჟიმი ცხედრის გადმოცემის გაჭიანურებას ყველა მეთოდით ცდილობს.
„ამ სამი დაკარგულის შესახებ ინფორმაცია ახლა მოვისმინეთ, აქამდე მსგავსი რამ საზოგადოებისთვის არ გაჟღერებულა და ცნობილი არ ყოფილა, საიდან მოიტანეს. მაგრამ, ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზებს პოულობენ იმისათვის, რომ რამენაირად გააჭიანურონ ცხედრის გადმოცემა და შემდეგში ვერ მოხდეს რეალური მიზეზის დადგენა"- თქვა გამგებელმა.
მასალის გამოყენების პირობები






