მმართველი გუნდი კი საპარლამენტო უმცირესობას მოუწოდებს, რომ ემოციებს არ აჰყვეს.
„ამ ფაქტმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი სასტიკი უმწეო რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ აღმოვჩნდით. როცა არ შეგიძლია იქ ჩახვიდე, არ შეგიძლია გამოიძიო. არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ის რაც დღეს ხდება ეს არის შავი სცენარის პროლოგი, მაგრამ თუ ჩვენ სწორედ ყველაფერზე წავალთ რაც იყო ამას წინათ მაშინ ბუნებრივია, რომ მისი ფინალი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და არ მინდა მე შავი სურათი დავხატო,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
რუსეთის მხრიდან პროვოცირების მცდელობას უწოდებს შექმნილ ვითარებას დიმიტრი ხუნდაძე.
„ეჭვგარეშეა, რომ დღეს ჩვენს ნერვებზე თამაში რუსეთის მხრიდან ახალი კონფლიქტის პროვოცირებაა. მსურს მოვუწოდო საზოგადოებას, დღეს ამ ტკივილის მოსმენა ჩვენი ღირსების შელახვა არ არის. პირიქით, ღირსებაა და წინდახედულობაა. მხოლოდ გონივრული წინდახედულობით შეიძლება იქნას მიღწეული სასურველი შედეგი. ემოციების მოთოკვა და გონივრული ქმედება უმეტესად პოლიტიკოსებს გვმართებს,“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ევრპოული საქართველო კი იმედოვნებს, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით მათი პოზიცია სრულად იქნება გაზიარებული.
„იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პარლამენტი მოახდენს ერთიან, ძლიერ რეაგირებას ამ გამოწვევაზე და ამ საფრთხეზე, რომელიც ოკუპაციიდან გამომდინარე არსებობს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის იდეა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით, იქნება გაზიარებული და პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
სრულიად განსხვავებული პოზცია აქვთ პატრიოტთა ალიანსში. ადა მარშანია საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებულ განცხადებებს უსუსურს უწოდებს.
„უსუსური და უპასუხისმგებლო განცხადებები, რომ დავგმოთ, დავგმოთ დავგმოთ... 25 წელია ვგმობთ იმას, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აგერ ერთ გვერდზეა ჩამონათვალი იმისა თუ რა არ შეგვიძლია ჩვენ. რომ არ შეგვიძლია არაფერი, არაფერი, არაფერი... თურმე ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და როდემდე ვიცხოვროთ და ვიმოღვაწეოთ ასე ჩვენ,“- განაცხადა ადა მარშანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






