რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა დონალდ ტუსკისა და გიორგი მარგველაშვილის მოლაპარაკებებზე.
„გერმანიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წერილობით მიმართა და მოითხოვა, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის საკითხი დღის წესრიგში იყოს. მინისტრები ხვალ განიხილავენ, მაგრამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. გერმანიის გარდა სხვებსაც აღელვებთ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის ტენდენცია. ამიტომ ევროკავშირის დიპლომატთა ჯგუფი, რომელიც უშუალოდ მუშაობს ვიზების საკითხზე, ამ თემას 26 მარტს განიხილავს, კომისია კი მეორე ანგარიშს მოამზადებს და იქნება მკაფიო ნაბიჯები, საქართველომ რა უნდა გააკეთოს. საქართველოს პრეზიდენტიც ჩამოდის და ამ საკითხზე, თითქმის, ყველა ლიდერთან ისაუბრებს, განსაკუთრებით კი დონალდ ტუსკთან. თავად ტუსკი წამოწევს თემას. ევროკავშირი საქართველოსგან ელის, რომ დაასახელებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რისი გაკეთებაც სურს,“- განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.
რიკარდ იოზვიაკმა შვედეთში შექმნილ სიტუაციაზეც ისაუბრა, მისი თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში შვედეთს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 300-მდე მოქალაქემ მიმართა. მისი თქმით საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების ასეთ სტატისტიკას ევროკავშირი ყველაზე ნაკლებად ელოდა:
„2015 წელს მილიონზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა შენგენის ზონაში თავშესაფრისთვის. გერმანიაში, შვედეთში, ავსტრიასა და ჰოლანდიაში ბევრი ამბობს, მოდით, ჩავკეტოთ საზღვრები და მეტი აღარავინ მივიღოთო. ახლა ასეთი ვითარებაა. თავშესაფრის მაძიებლები პოპულარული აღარ არიან. თუნდაც, 10 ან 15 კაცი საქართველოდან უკვე პრობლემაა, რადგან ევროკავშირი ყველაზე ნაკლებად ელოდა ასეთ სტატისტიკას საქართველოდან. ფიქრობდნენ, რომ უკრაინასთან ექნებოდათ პრობლემა. ამიტომ შოკირებული არიან. შვედ ოფიციალურ პირებს ველაპარაკე და მითხრეს, რომ ბოლო ორ თვეში საქართველოდან თავშესაფრის 300 მაძიებელი ჩავიდა. სირიის შემდეგ მეორე ადგილზე ხართ. სირიის საკითხი გასაგებია. იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს და საომარი ზონაა, მაგრამ რატომ უნდა იყოს საქართველო მეორე ადგილზე და არა ერაყი, ავღანეთი ან ირანი. საქართველო ხომ განვითარებად ქვეყნად მიიჩნევა. ეს ამიტომ უკვირთ ევროპელებს.“- განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.
წყარო “რუსთავი2“
მასალის გამოყენების პირობები






