მიხეილ რამიშვილის განმარტებით, საქალაქო სასამართლოში საჩივარი 5 თვის წინ შეიტანა, თუმცა ამ საკითხის განხილვა დღემდე არ დაუწყიათ. რაც შეეხება საეკლესიო სასამართლოს მოწყობას, ადვოკატმა ოფიციალური წერილი საპატრიარქოსგან რამდენიმე დღის წინ მიიღო.
წერილში ნათქვამია, რომ კონსტიტუციური შეთანხმებით, ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. კანონიკური სამართლის ნორმებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საპატრიარქოში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საეკლესიო და სამოქალაქო ნორმებიდან გამომდინარე, დაუშვებელია ერთსა და იმავე საკითხზე, მით უმეტეს, ერთდროულად ორი სასამართლო განხილვა და პირის მსჯავრდება ან გამართლება. საპატრიარქო ელოდება სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე და შემდეგ მოახდენს რეაგირებას.
საპატრიარქოს პოზიციას არ ეთანხმება მიხეილ რამიშვილი და აცხადებს, რომ „ციანიდის საქმის“ შემთხვევაში დეკანოზ მამალაძის საქმეზე მსჯელობა საპატრიარქოში მაშინ მიმდინარეობდა, როდესაც საქალაქო სასამართლოში ჯერ საქმის ამხილვა დასრულებული არ იყო, ამიშვილის თქმით საპატრიარქოს მის მიმართ დამოკიდებულებას სწორედ „ციანიდის საქმე“ განსაზღვრავს, სადაც ის დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველი იყო.
საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას თქმით, საპატრიარქოს მხრიდან ყველა მოქმედება შესრულდა:
„მე და წმინდა სინოდის ზოგიერთ წევრსაც მიგვაჩნია, რომ საპატრიარქომ შედარებით „რბილი“ პასუხი გასცა ბატონ მიხეილს. თუ კანონიკურ სამართალსა და რჯულის კანონზე მიდგება საქმე, ეკლესიის წევრს არ აქვს უფლება, ჯერ საერო სასამართლოს მიმართოს. მან ეკლესიას უნდა მიმართოს, სხვა შემთხვევაში მას დაედება საეკლესიო სასჯელი. რამიშვილმა, ეკლესიის ნაცვლად, პირველად საერო სასამათლოს მიმართა, ამიტომ ჩვენთან ამ საკითხის განხილვა შეჩერდა. ჩვენი მხრიდან შესრულდა ყველა მოქმედება, ელექტრონულად აბსოლუტურად ყველას გადაეგზავნა ბატონი მიხეილის განცხადება და ვინ რა რეაგირება მოახდინა ან არ მოახდინა, ეს არ შედის საპატრიარქოს კომპეტენციის ფარგლებში. ზოგმა წერილობით მოგვმართა, ზოგმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა ბატონი მიხეილის მიმართ, რომ ეკლესიის წევრი არ უნდა იქცეოდეს ასე და ის დასჯის ღირსია საეკლესიო სასჯელის თვალსაზრისით.“- განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. მისი თქმით საეკლესიო სასჯელი შეიძლება უზიარებლობა იყოს.
მომზადებულია გაზეთ „ვერსიის“ მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები






