6 მარტს, თბილისში, ბრიტანეთის საელჩოში ინტერ-რელიგიური ჯგუფის ვაშინგტონში ვიზიტი შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ის რელიგიური ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ინფორმაციას ამის შესახებ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი ავრცელებს:
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილეების საპატივსაცემოდ ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში - ჯასტინ მაქენზი სმიტმა მიღებას უმასპინძლა, რომელსაც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ლიდერებს შესაძლებლობა მიეცათ, ემოგზაურათ აშშ-ში (2017 წლის ნოემბერში), შეხვედროდნენ პოლიტიკური, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო ინტერ-რელიგიურ კონფერენციაში "დემოკრატია და რელიგია".
პროექტი განხორციელდა CDD-ს მიერ, ბრიტანეთის საელჩოსა და კარგი მმართველობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორები:
აშშ-ს საელჩო საქართველოში, ეროვნული წვლილი დემოკრტიაში (NED), აშშ-ში საქართველოს საელჩო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი

მასალის გამოყენების პირობები






