ოპოზიციას აინტერესებდა, რამდენი ადამიანი დარჩება სამსახურს მიღმა რეორგანიზაციის შედეგად და როგორ ჩატარდებოდა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობისთვის ატესტაციის პროცესი. თბილისის მერის ხედვა ვიცე მერმა წარმოადგინა. სხდომას რამდენიმე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელიც ესწრებოდა.
ხუნწარიამ ბიბლიოთეკარს ირინა კენჭაძეს შენიშვნა მისცა, რომ ის საკრებულოს სხდომას იმ დროს ესწრებოდა, როცა ბიბლიოთეკაში სამუშაო საათები დასრულებული არ იყო.
,,შენიშვნა მომცა, რომ მე საკრებულოს სხდომას ვესწრებოდი და არ ვიყავი სამსახურში. ეს ძალიან ძველ დროში დაბრუნებას ჰგავს და ძალიან სასაცილო იყო. აქ იხილებოდა ბიბლიოთეკების საკითხი, ეს არის საკრებულო, აქ არის ხალხი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ და მაქვს იმის უფლება, რომ ჩვენი საკითხი რომ იხილება, მე აქ ვყოფილიყავი“ - განაცხადა მე-19 საჯარო ბიბლიოთეკის უფროსმა ირინა კენჭაძემ.
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ირინა კენჭაძეს ხელმძღვანელი პირებიც დაემუქრნენ და მას საკრებულოს სხომაზე დასწრებისთვის საყვედური უთხრეს.
„ბიბლიოთეკის გამგე თბილისის საკრებულოს სხდომას დაესწრო, სადაც ბიბლიოთეკების რეორგანიზაცია განიხილებოდა და ამის გამო მერის მოადგილე ხუნწარიამ შენიშვნა მისცა, რომ სამუშაო საათებში საკრებულოში რატომ ესწრები განხილვასო ?
ნორმალურები და ადექვატურები ხართ ?! ჩრდილოეთ კორეაში ვართ ?! თბილისის საკრებულოში ყოფნა, როცა მისი ბიბლიოთეკის ბედი წყდება არასაპატიოა თქვე კომუნისტებო ?!
ხელმძღვანელმა პირებმაც დაურეკეს ამ ქალბატონს და დაემუქრნენ, რომ საყვედურს გამოუცხადებენ.
გირჩევნიათ რეგლამენტი შეასრულოთ ქალბატონო ხუნწარია და რომ დაგიბარებთ ფრაქციის სხდომაზე მობრძანდეთ“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






