მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დამატებითი მოლოდინების შექმნა და წუთების თვლა არ არის სწორი".
"იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გ გონივრულ ვადებში ადაწყდება, ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ კონკრეტული მოქალაქეების, ადამიანების ტრაგედიებზე ვსაუბრობთ. დამატებითი დღეების, მოლოდინების შექმნა, წუთების თვლა არ არის სწორი. ჩვენ გეუბნებით, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა უნდა დასრულდეს გონივრულ დროში"- თქვა მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავბული საქართველოს ორი მოქალაქის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისთვის ყველა მექანიზმი ამოქმედებულია და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.
შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილი ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად მიმდინარე წლის 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.
23 თებერვალს კი მედიის საშუალებით გავრცელდა ცნობა, რომ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ქართული მხარის ინფორმაციით, ტატუნაშვილი დაკავებისას სასტიკად სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.
რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და მათ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ.
მასალის გამოყენების პირობები






