"ჩვენ ყოველთვის გამოვდიოდით ძალების კონსოლიდირების იდეით. მაგალითად, 2017 წელს თბილისის მერის არჩევნებზე. მაშინ ოპოზიციის ნაწილმა გაიზიარა ჩვენი ეს იდეა. დღეს კი სასიამოვნოა, რომ ამის აუცილებლობას ყველა აღიარებს.
ჩვენ გამოსავალს ვხედავთ არა ოპოზიციური პარტიების ან ლიდერების ხელოვნურ გაერთიანებაში, არამედ, თავისუფალ პლატფორმაში, სადაც მოხდება ახალი იდეების გენერირება. რაც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პროცესში ახალი ადამიანების, ახალი ლიდერების, ახალი ძალების შემოდინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედევად ერთიანობის სინერგიისა და გარკვეული უპირატესობისა, მივიღებთ შესაკრეფთა მექანიკურ გადაჯგუფებას და ამით, არსებითად, არაფერი შეიცვლება.
ხელისუფლების ელექტორალური ეროზია, ისევე როგორც, თაობათა ცვლა, გარდაუვალი პროცესია. შესაბამისად, არსებული პოლიტიკური პარტიების და ლიდერების მთავარი გამოწვევაა გახდებიან ისინი ხალხის მოთხოვნებისა და სახელმწიფოებრივი საჭიროებების ადეკვატურები და ცვლილება მოხდება მათთან ერთად, თუ გააგრძელებენ თავიანთი დღის წესრიგითა და საჭიროებებით საქმიანობას და ცვლილება მოხდება მათ გარეშე.
მოკლედ რომ ვთქვათ, აუცილებელია იმ ხალხის, იმ ლიდერების, იმ პოლიტიკური ძალების კონსოლიდირება, ვისაც სჯერა, რომ საქართველოს უფლება აქვს და შეუძლია, გახდეს წარმატებული და ლიდერი სახელმწიფო"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






