აღნიშნულ საკითხს „ნიუპოსტთან“ საუბრისას განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი პროექტი საქართველოში არ გაამართლებს, რადგან ქვეყანაში კორუფციის დონე მაღალია. მისივე თქმით მსგავსი მეთოდი ამართლებს იმ ქვეყნებში, სადაც სრული დემოკრატია სუფევს და არ არსებობს კორუფცია:
„განათლების სამინისტრომ 2018 წელს დაიწყო ორი რეფორმა, ერთი უკვე განხორციელდა, მეორეს ამზადებენ, მას სჭირდება კანონში ცვლილება და ბუნებრივია „ქართული ოცნების“ უმრავლესობით ესეც პრობლემა არ იქნება. პირველი რაც „ქართულმა ოცნებამ“ 2018 წელს გააკეთა, განათლების სამინისტროდან ყველა თანხა, რაც იყო განკუთვნილი საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე, გამოიტანა და გადაანაწილა მუნიციპალიტეტებში, ანუ გამგეობებში. ერთის მხრივ ზერელედ თუ შევხედავთ ამ საკითხს და მოვუსმენთ მათ არგუნეტს თუ რატომ გააკეთეს ეს, ბუნებრივია ბევრი შეკითხვა არ დაიბადება, მაგრამ ყველა ადამიანი, რომელიც ჩახედულია ამ საკითხში, დაინახავას ასეთ რამეს - ეს რეფორმა ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, ძალიან დიდ ფულს მოიპარავენ და რაც მთავარია, საჯარო სკოლების ხარისხიანი რეაბილიტაცია და პრობლემების მოგვარება შეიძლება დავივიწყოთ.
თუ ადრე 2018 წლამდე განათლების სამინისტროში იყო სპეციალური უწყება, რომელიც ტენდერებს აცხადებდა, ხარჯთაღრიცხვას ამზადებდა, იბარებდა, საჯარო სკოლების მშენებლობა იქნებოდა თუ რემონტი, ახლა ამ უწყებას ყველა უფლება წაართვეს და გადაანაწილეს გამგეობებში. ბევრ ქვეყანაში ასე ხდება, ეს არის დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი მაგალითი, მაგრამ აქ არის დიდი ნიუანსი - ქვეყნებში, სადაც სისტემა ასე არის დეცენტრალიზებული, სადაც არის დემოკრატია და არ არის კორუფცია, ეს სისტემა მუშაობს. მაგრამ, ქვეყანაში, სადაც არის კორუფცია და არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, ამ სისტემას მოაქვს დიდი უბედურება, მაგალითისთვის ეს არის რუსეთის ფედერაცია და უკრაინა. კარგად ვიცით რა დონის კორუფცია არის გამგეობებში, რა პრემიებს იწერენ ისინი და ამ ფონზე, როცა ფულის განკარგვის უფლება მისცეს, ახლა ამ ხალხს კორუფციისთვის დამატებითი წყარო გაუჩნდა და სამწუხაროდ, საქმე არ გაკეთდება.
ამ პროექტს აქვს კიდევ მეორე ფინანსური მომენტი და ამის მიხვედრას არ სჭირდება დიდი ეკონომისტობა - როდესაც შესყიდვა არის დიდი, მისი ფასი არის დაბალი, ანუ რეგიონების მიხედვით როდესაც განათლების სამინისტრო აცხადებდა კონსოლიდირებულ ტენდერებს, ამას ახლა მუნიციპალიტეტები გააკეთებენ და ტენდერებს ყველა ცალკე გამოაცხადებს“, - აღნიშნავს შაშკინი.
მისივე თქმით ამ პროექტს აქვს პოლიტიკური დატვირთვა, რაც გამგეობების მიერ ამ თანხების მითვისებას ითვალისწინებს:
"ეს არის დაკოპირებული რუსეთიდან და უკრაინიდან, სადაც კორუფცია ყვავის. ფული განათლების სამინისტროს წაართვეს (საუბარია ათეულობით მილიონ ლარზე), მისცეს მუნიციპალიტეტებს და ამით ადგილობრივ ელიტას, რომელიც ამ ფულს შეჭამს, ხარკი გადაუხადა. ეს არის რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით 2018 წელს, ეს ფული უკვე გადაცემულია და ზაფხულში ყველა დაინახავს თუ როგორ, რა ტემპებით დაიწყებენ ამ ფულის მოპარვას“, - დასძენს განათლების ყოფილი მინისტრი.
დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას ასევე შეეხო სამინისტროს ახალ ინიციატივას, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლის ხანგრძლივობის თითო წლით შემცირებასთან დაკავშირებით.
ამ შემთხვევაშიც შაშკინი ინიციატივის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და მის უარყოფით მაჩვენებლებს უსვამს ხაზს. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ თითო წლის შემცირების პარალელურად ფასი იგივე რჩება.
„მეორე საკითხი, რომელზეც ახლა პარლამენტი ამზადებს ცვლილებას, ეხება ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას. ყველამ იცის, რომ საქართველოში ბაკალავრიატი არის ოთხწლიანი, მაგისტრატურა კი ორწლიანი, განათლების სამინისტრო წარმომადგენელი ოფიციალურად გამოვიდა და ინიციატივა წარმოადგინა, რომ სურთ შეამცირონ ბაკალავრიატი სამწლამდე და მაგისტრატურა ერთწლამდე.
განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ასეთი სისტემა არის ბევრ ქვეყანაში. დიახ, არსებობს ქვეყნები, სადაც არის სამწლიანი ბაკალავრიატი და ერთწლიანი მაგისტრატურა, მაგრამ რომ ავიღოთ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მაგალითი, ვნახავთ, რომ ყველას ოთხწლიანი ბაკალავრიატი და ორწლიანი მაგისტრატურა აქვს. ხოლო სამწლიან ბაკალავრიატს და ერთწლიან მაგისტრატურას აკეთებენ ქვეყნები, სადაც არის კონკრეტული პროფესიების დეფიციტი, რათა რაც შეიძლება მალე გამოუშვან ბაზარზე სპეციალისტები და აკეთებენ იმისათვის, რომ მიიზიდონ მეტი სტუდენი.
საქართველოსთვის პირველი პრობლემა არის ის, რომ ფასს არ ცვლიან, თუ ადრე ჯდებოდა 2 500 ლარი მაგისტრატურა, ახლაც იგივე ფასი დარჩება, იგივე შემთხვევაა ბაკალავრიატზე, ამით უნივერსიტეტები იშოვიან დიდ ფულს, რადგან ერთი წლის დამატებით მათ პროფესორის აყვანა არ დასჭირდებათ, ეს იძლევა დაახლოებით 30-40%-იან მოგებას, ეს უმუშევრად დატოვებს ასობით პროფესორს და საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ ვართ უკმაყოფილო იმ დონით, რომელსაც სტუდენტებს უნივერსიტეტები აძლევენ, მაშინ რა ლოგიკით ასწავლიან ისინი უკეთესაც სამ წელიწადში? ეს გამოიწვევს იმას, რომ ერთბაშად საქართველოს სამუშაო ბაზარზე გაჩნდება ზედმეტი 40 ათასი ახალგაზრდა. ეს ბუნებრივია გაზრდის უმუშევრობას.
აქ ასევე მნიშვნელოვანია ერთი ციფრი, საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2012 წლიდან 2017 წლამდე სტუდენტთა რაოდენობა საქართველოში გაიზარდა 40 პროცენტით, ამავე მაჩვენებლების მიხედვით აბიტურიენტთა რაოდენობა არ გაზრდილა, აქ ჩნდება კითხვა - საიდან გაჩნდა ის 40 ათასი? თუ შევხედავთ ასაკობრივ ჭრილში ამ ყველაფერს, დავიანახავთ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის 25 წელს ზემოთ, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება და ისინი უფასო ფაკულტეტებზე შედიან იმისათვის, რომ ჯარში არ წავიდნენ, არ გადაიხადონ ჯარის გადავადების საფასური. სხელმწიფო რასაც ახლა აკეთებს, არის ის, რომ აფინანსებს 40 ახალი ფილოსოფოსის სწავლას იმ დროს, როდესაც უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს ფული არ აქვს, რომ მიიღოს უმაღლესი განათლება“, - განმარტავს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






