"ანალოგიური კვლევა ჩვენმა ორგანიზაციამ შარშანაც გამოაქვეყნა. მართალია, გასულ წელთან შედარებით, ხარჯების კლების ტენდენცია იკვეთება, თუმცა ეს არ ეხება ხელფასებსა და საწვავზე დანახარჯებს. შარშანდელის მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებლით კვლავაც პირველ ადგილზეა და ასევე, ლიდერობს გახარჯული საწვავის კუთხითაც; პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა კახეთის ადმინისტრაციამ გასცა; რესტორნისა და კვების მომსახურებაზე კი ყველაზე მეტი ხარჯი იმერეთის ადმინისტრაციამ გასწია.
ძირითადი მიგნებები:
2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, შემცირებულია სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატების ჯამური რაოდენობა - 276 020 ლარით;
წინა წელთან შედარებით, 2017 წელს 101 354 ლარით მეტი გაიცა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში ხელფასის სახით;
2017 წელს ყველა სამხარეო ადმინისტრაციის მიერ 97 730 ლარით მეტი ღირებულების საწვავი იქნა შეძენილი;
7 ათასი ლარით შემცირდა სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯები, მივლინებებზე გაწეული ხარჯი კი, წინა წელთან შედარებით, 2017 წელს 33 240 ლარით არის შემცირებული.
შრომის ანაზღაურება:
2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის რაოდენობა შემცირებულია: 2016 წელს 1 363 948.61 ლარი (პრემია - 395 437 ლარი, სახელფასო დანამატი კი - 968 511.61 ლარი), 2017 წელს კი გაცემული პრემიისა და დანამატის ოდენობამ ჯამში 1 087 928 ლარი შეადგინა (პრემია - 255 357 ლარი, დანამატი - 832 570.7 ლარი), რაც 276 020.61 ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე
2016 წლის მსგავსად, სახელფასო დანამატი, 2017 წელსაც, ყველა ადმინისტრაციაში ყოველთვე გაიცემოდა;
2017 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 53 050 ლარის ოდენობით კახეთის ადმინისტრაციაში გაიცა;
2017 წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში - 183 677 ლარის ოდენობით. 2016 წელს გაცემული სახელფასო დანამატის მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაა (204 183.11 ლარი);
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს გაცემული სახელფასო დანამატის ოდენობა, 2016 წელთან შედარებით, ყველა ადმინისტრაციაში შემცირებულია. შემცირებულია ასევე გაცემული პრემიის ოდენობები. გურიის ადმინისტრაციაში გაიზარდა გაცემული პრემიის და დახმარების ოდენობა - 2017 წელს 47 905 ლარი გაიცა, 2016 წელს კი 33 510 ლარი.
2017 წელს ყველა გუბერნატორი ყოველთვე იღებდა შრომის ანაზღაურების ოდენობის სახელფასო დანამატს, პრემია კი მხოლოდ შემდეგმა გუბერნატორებმა აიღეს: გრიგოლ ნემსაძე - ქვემო ქართლის გუბერნატორი (2 065 ლარი); მერაბ ჭანუყვაძე - გურიის გუბერნატორი (2 950 ლარი); ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთის გუბერნატორი (2 950 ლარი); კახა სამხარაძე - შიდა ქართლის გუბერნატორი (2 950 ლარი), აკაკი მაჭუტაძე - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი (2 950 ლარი)" - აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.
სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციული ხარჯები სრულად იხილეთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები






