ევროპარლამენტში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ახალი რეზოლუცია მზადდება. კონკრეტული ვადები ჯერ არ სახელდება, თუმცა ვარაუდობენ, რომ რეზოლუცია მიმდინარე წლის ზაფხულამდე მომზადდება. ევროპარლამენტში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის საქმეა.
ევროპარლამენტის დელეგაციის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი აცხადებს, რომ რეზოლუციის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია:
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია და მინდა გითხრათ, რომ მხარს ვუჭერ რეზოლუციის მომზადებას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ევროპარლამენტი არ უნდა გაჩუმდეს ასეთ თემებზე, ამ რეზოლუციით ასევე შევძლებთ ინფორმირებულობის გაზრდას ევროკავშირის ოცდარვავე ქვეყანაში, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას“, - აცხადებს ევროპარლამენტის დელეგაციის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი.
ასოცირების საპარლამენტო კიმიტეტის თანათავმჯდომარე საჯით კარიმი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტმა ლიდერის ფუნქცია უნდა შეასრულოს:
„შეხვედრაზე ორივე მხარემ წამოვწიეთ ეს კონკრეტული ინციდენტი, დაუშვებელია ასეთი შემთხვევები. ეს ფაქტი ხაზს უსვამს კიდევ ერთხელ, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ, როგორც ევროპარლამენტმა ლიდერის ფუნქცია უნდა შევასრულოთ და უზრუნველვყოთ რეალურად რა ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროპარლამენტში უკვე მიმდინარეობს დისკუსია რეზოლუციის შემუშავებაზე, მე, როგორც დელეგაციის ტავმჯდომარე მხარს ვუჭერ ასეთი დოკუმენტის მიღებას“, - აღნიშნავს ასოცირების საპარლამენტო კიმიტეტის თანათავმჯდომარე საჯით კარიმი.
მასალის გამოყენების პირობები






