როგორც ვაშაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საერთო კანდიდატი პრაიმერისის გზით უნდა გამოვლინდეს.
"მზად ვარ ნებისმიერ სხვა კანდიდატს დაუჭირო მხარი. პირდაპირ გეუბნებით, არც ჩემი იდეა და მოსაზრება ყოფილა მე კანდიდიატი ვყოფილიყავი. არ არის ეს ის საქმე, სადაც საკუთარ თავს უყენებ, გინდა თუ არა ვანსა და ხონში უნდა ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი...
აქაც პოლიტიკური ძალები სამ კატეგორიად დაიყო (პარტიები, რომლებიც შეგუებულნი არიან არსებულ რეალობას, მაქსიმალურ სარგებელს იღებენ ამ ჭაობისგან და არიან ხელისუფლების სატელიტები. პასიურ მდგომარეობაში მყოფი პარტიები, რომლებიც შემოიფარგლებიან დამკვირვებლის როლით და ვერ ან არ ახდენენ გავლენას პოლიტიკურ პროცესზე. პარტიები, რომლებიც არ ეგუებიან არსებულ ჭაობს, უნდათ სიახლე და საქართველოს წარმატება. აქტიურად არიან ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში და მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე). თუ ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი არ დავარქვით და არ ვთქვით ვინ ვინ არის, ამ პროცესში წინსვლა შეუძლებელია. თუ არ ვთქვით, ვინ რა როლს თამაშობს ქართულ ოცნებას ვერ დავამარცხებთ. უნდა მოხდეს ღირებულებითი თანხვედრა.
პირდაპირ გეუბნებით, მე არსად არ დავაყენებ კანდიდატურას, არ მაქვს პერსონალური ამბიცია და ყველას მოვუწოდებ - დავივიწყოთ პერსონალური ამბიციები"- აღნიშნა ვაშაძემ.
მისი თქმით, ვანი-ხონის მაჟორიტარული არჩევნები ამოსავალი არ არის. "ახალი საქართველოს" ლიდერი სწორებას საპრეზიდენტო არჩევნებზე აკეთებს.
"ჩვენ უკანასკნელად ვირჩევთ პრეზიდენტს პირდაპირი არჩევის წესით, არჩევანი კი ორია, ან ვეგუებით იმას, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერს ერთი პირი და პოლიტიკური პარტია გადაიფორმებს, ანდა, ერთიანი ძალებით ვიბრძვით ქვეყნის კეთილდღეობისთვის. დრო ძალიან ცოტაა დარჩენილი ამიტომ - "ერთი კვირა დაველოდები და მერე გეტყვით ჩემს აზრს", ეს არ გაამოვა.
მარტივი საკითხია: იდეა რის გარშემოც ვერთიანდებით, მექანიზმი, რომელსაც ვიყენებთ გაერთიანებისთვის და მაქსიმალური კონსოლიდაცია და ხალხთან მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანაში პროცესი შეიცვალოს"- განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა.
გიორგი ვაშაძემ "ევროპულ საქართველოს" ოპოზიციის გაერთიანების "ჩამშლელები" უწოდა.
"მათ, ფაქტის წინაშე დააყენეს ოპოზიციური პარტიები, როცა მაჟორიტარულ არჩევნებზე კანდიდატი დააყენეს. "ევროპული საქართველს" სვლა იყო ცალსახა გზავნილი, რომ მე, ჩემი გეგმა მაქვს ხელისუფლებასთან შეთანხმებული და ამ გეგმით ვმოქმედებ.
ვის აქვს ილუზია, რომ ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი გაიმარჯვებს შუალედურ არჩევნებში. მესამე წელია ჩვენი გუნდი აცხადებს, რომ ამ ქვეყანაში მეორე ტურის ცნება არ არსებობს. ძალების კონსოლიდაცია პირველ ტურში უნდა მოხდეს. ისინი კი ისევ იგივე ზღაპარს გვიყვებიან? - რომ პირველი ტური არის პრაიმერი და გამარჯვებულს დავუჭიროთ მხარი, ეს არის ხელისუფლების დაწერილი მესიჯი, რომელსაც პოლიტიკური პარტიები იმეორებენ. როცა მათი მხრიდან ამ გზავნილებს ვუყურებ ეს არის მანიშბნებელი, რომ ეს ჯგუფი არის ჩვენს მიერ დასახელებული კატეგორებიდან პირველი - ან სატელიტი და მეტ სარგებელს იღებს ამ პროცესში"- თქვა ვაშიძემ.
"ახალი საქართველოს" ლიდერის თქმით, მათი მიზანი "ევროპული საქართველოსთან" ბრძოლა არ არის. ოპოზიციონერი ამბობს, რომ საუბარია იმ ადამიანების მხილებაზე, რომლებიც ხელისუფლების თამაშს თამაშობენ.
"როცა ნიღაბს ჩამოვხსნით, ის ადამიანები, რომლებიც არიან ევროპულ საქართველოში, ბევრ მათგანს ვიცნობ და ვიცი, რომ სწორ არჩევანს გააკეთებენ. სანამ ილუზიევში ვართ, ჩვენ ქართული ოცნების მიერ გათამაშებული თამაშის პაიკები ვართ. ოპოზიციურ გაერთიანებაში მე არავის, არც ევროპულ საქართველოს ვუკეტავ კარებს თუ ისინი სწორ პოზიციას აირჩევენ და არ დაიწყენებ ვიწროპარეტიული ინტერესებიდან მოქმედებას, და არ დაიწყებენ ხელისუფლების თამაშს, რა პრობლემაა შემოვიდნენამ პროცესში და გავერთიანდეთ იდეის გარშემო"- თქვა მან.
ვაშაძის თქმით, ქვეყანა რომ ცუდ დღეშია ამაზე აშშ-ში რეგისტრირებული 15 სადაზვერვო საერთაშორისო ორგანიზაციაის დასკვნაც მიუთითებს.
მასალის გამოყენების პირობები






