არსებულ ვითარებას „ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს. მისი განცხადებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველო რუსეთის წინაშე დააჩოქა, რუსეთის ფედერაცია კი აღარ აღგვიქვამს როგროც სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ამ ეტაპზე, არა მხოლოდ პუტინის რეჟიმი, არამედ ოკუპირებული ტერიტორიების სხვადასხვა დაჯგუფებებიც ებრძვიან:
„2012 წელსაც რუსეთი იყო ჩვენი მტერი და 2018 წელსაც რუსეთი არის ჩვენი მტერი, ეს არც შეიცვალა და ვერც შეიცვლებოდა, მიუხედავად იმ დაპირებებისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების თვალსაზრისით იძლეოდა. 2012 წლიდან დაწყებული ვამბობდი, ვერ დალაგდება პუტინის რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა უბრალო მიზეზის გამო - ის, რაც უნდა რუსეთს ჩვენგან, ჩვენ ვერ დავთმობთ და ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი. ერთადერთი, რასაც რუსეთი ითხოვს საქართველოსგან, რის გამოც იყო ომი, რის გამოც თავის დროზე ემბარგო დაგვიწესეს და რის გამოც ომი დაიწყო 2008 წელს რუსეთმა, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
„ქათული ოცნების“ მთავრობას როგორც არ უნდა უნდოდეს, ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ოფიციალურად ვერ დათმობს, რადგან იციან, რომ მეორე დღესვე აღარ ისხდებიან თავის კაბინეტებში. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ რუსეთი არ არის მტერი, ის არის მტერი და ერთადერთი სხვაობა 2012 წელსა და 2018 წელს შორის არის ის, რომ ადრე რუსეთი ჩვენ გვიყურებდა როგორც სახელმწიფოს, კარგად ესმოდა, რომ ყველანაირ ზომაზე არსებობს კონტრზომა და ყოველთვის აფასებდა პუტინი როდის რა უღირდა და რა ფასის გადახდა მოუწევდა კონკრეტულ ნაბიჯისთვის. ჩვენი მტერი იყო რუსეთი და ჩვენი მტერი იყო პუტინი კონკრეტულად.
ახლა ჩვენმა მთავრობამ საქართველო დააჩოქა და ჩვენი მტერი არის პუტინიც და ადგილობრივი, აბსოლუტურად გაუგებარი არსებები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ არიან პატარა მეფეები, რომლებიც იტაცებენ და კლავენ ჩვენს მოსახლეობას, ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენმა მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, ჩვენ რუსეთთან დაპირისპირება არ გვაქვს, ამას ხომ ღიად ამბობდნენ? რომ ჩვენ უნდა ველაპარაკოთ პირდაპირ ოსებს, აფხაზებს; ეს გააკეთეს, ამ კარასინ-აბაშიძის შეხვედრებით, რომ ჩვენ გვიპირისპირდებიან ადგილობრივი ეფრეიტორები, ეს გააკეთეს მათ. სამწუხაროდ ეს უფროდაუფრო გართულდება, როდესაც შენ ემტერები პუტინს, ის არის გლობალური მოთამაშე და აქვს ბევრი სხვა ინტერესები, ჩვენ დაგვაჩოქეს და დაგვიყვანეს ადგილობრივი არსებების დონეზე, რომლებიც ჩვენს ხალხს აწამებენ და კლავენ“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ცხiნვალის ოკუპირებულმა რეჟიმმა სამი ქართველი გაიტაცა, მათ შორის ერთ-ერთი ქართველი სამხედრო არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული რეჟიმი ცხედრის გადმოცემაზე უარს აცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები






