„ჩვენი რეაქცია ძალიან მკვეთრია და საერთაშორისო საზოგადოებას მომხდარ ფაქტზე სრული ინფორმაცია მივაწოდეთ. მოვახდინეთ რეზოლუციის ინიცირება, სადაც ვითხოვთ ფაქტზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვებას. მიგვაჩნია, რომ ამ მექანიზმების გარეშე შეუძლებელია რისკები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით არსებობს, თავიდან იყოს აცილებული.
მსგავსი პროვოკაციები და ასეთი გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი ფაქტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელს ვერ შეუშლის. დრო მოვა, როცა დამნაშავეები დასჯილები იქნებიან. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ფაქტს სამართლებრივი პასუხი გაეცეს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რეაგირება სწრაფი და მკვეთრი იყოს. ჩვენი ბერკეტები ყველა საერთაშორისო ფორმატში ამ საკითხების გააქტიურება და თითოეულ შემთხვევაზე საერთაშორისო ყურადღების მობილიზებაა. უკვე გავრცელდა შესაბამისი განცხადებები, გაკეთდა შეფასებები, ნუ ექნება საოკუპაციო რეჟიმს იმის იმედი, რომ არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემთხვევები დავიწყებას მიეცემა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით რეაგირებას მუდმივად გავაკეთებთ და ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ადამიანის უფლებების ასეთ დარღვევაზე სათანადო რეაგირება იყოს.
აშკარაა, რომ საქართველოს ეკონომოკური და დემოკრატიული განვითარების პარალელურად, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენს მოსახლეობას მხოლოდ იარაღის ჟღარუნს და მილიტარისტულ რიტორიკას სთავაზობს. დრო მოვა, როცა ადამიანები გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ მათთვის მილიტარისტული რიტორიკა მიუღებელია და მათ უფლება აქვთ, სოციალური და ეკონომიკური სიკეთეებით ისარგებლონ”, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით დაკავებულმა ტატუნაშვილმა სინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას თანმხლებ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღის წართმევა სცადა, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები, რის გამოც ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბეზე დაეცა, მიღებული დაზიანებების გამო ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






