გიორგი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოკლეს.
„თითიდან გამოწოვილი სიცრუეა, რომ იძახიან, რომ გულით დაიღუპაო, გული საით ჰქონდა, არ იცოდა,“- განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.
ორი დღის წინ, ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე 1983 წელს დაბადებული არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ტატუნაშვილი ერთი დღით ადრე ახალგორში დააკავეს, ტატუნაშვილს დე ფაქტო საგამოძიებო უწყებამ „გენოციდის" ბრალდება წაუყენა. როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს, ტატუნაშვილი დაკითხვაზე ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მას აჩვენეს მასალები, რომელიც მის 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას ამტკიცებდა. დეფაქტო ცხინვალი აღიარებს, რომ დროებით იზოლატორში გადაყვანისას ტატუნაშვილის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რის გამოც მან მნიშვნელოვანი ტრამვები მიიღო და მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა.
არჩილ ტატუნაშვილი მსახურობდა ავღანეთსა და ერაყში, იგი ასევე იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომში.
მასალის გამოყენების პირობები






