მოსამართლეების უვადოდ განმწესებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნული მმართველი გუნდის რიგებში კითხვის ნიშნებს აჩენს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას „ნიუპოსტთან“ საუბრისას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აფასებს.
მისი თქმით, პრემიერის განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან იუსტიციის საბჭოს ცვლილებები სჭირდება, ეს განცხადება კი შესაძლოა სამომავლო ცვლილებებს და მათ განხორციელებას პრაქტიკაში, საფუძვლად დაედოს:
„ჩემი აზრით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის ძალიან სერიოზულად გაძლიერებული შიდაგავლენები და შინა დომინანტი ჯგუფი, რომელსაც აქვს ძალაუფლება, ამიტომ ისინი წყვეტენ ბუნებრივია, ვინ დაინიშნება მოსამართლის თანამდებობაზე და ვინ - არა. შესაბამისად, არავინ არ არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე თუ რატომ იღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, არამხოლოდ დანიშვნებთან დაკავშრებით. სასამართლო სისტემაში ძალიან გავლენიანი ადამიანი გახლავთ მიხეილ ჩინჩალაძე, ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი განცხადება უნდა გახდეს დასაწყისი იმის, რომ საბჭომ შეცვლოს თავისი პრაქტიკა, ასევე გადადგას ნაბიჯები იმისკენ, რომ გამოხატოს რეალური ნება და არა ფორმალური, განახორციელოს ცვლილებები პრაქტიკაში, ჰქონდეს სურვილი, რომ ის, რაც კანონმდებლობაში წერია უკვე პრაქტიკაში განახორციელოს და ღია იყოს ახალ საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებებთან მიმართებით. არა მხოლოდ დანიშვნების თემა, ზოგადად საბჭოს მიერ ბოლო დროს განხორციელებული საქმიანობა სიმწვავით ხასიათდება, ყურადღების ცენტრში ექცევა და საჭიროა ცვლილებები, ამაზე პირველ რიგში საბჭოს წევრებმა უნდა იზრუნონს“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






