აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე საქართველოსთან დაკავშირებით Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოხვდა. ორგანიზაცია იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ გამოძიებას, რომელიც მუხთარლის გაუჩინარებაში ქართული მხარის მონაწილეობის შესწავლის მიზნით დაიწყო, არსებითი შედეგი არ მოჰყოლია.
„29 მაისს, აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც პოლიტიკურ დევნას თავს საქართველოში აფარებდა, თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მისი აზერბაიჯანში დაკავების შესახებ გახდა ცნობილი. მუხთარლის მიმართ წაყენებული ცრუ ბრალდებით, აზერბაიჯანის პროკურატურა მას საზღვრის უკანონოდ კვეთასა და კონტრაბანდული ფულის გადატანაში ედავება. მუხთარლიმ საკუთარ ადვოკატს განუცხადა, რომ ის გაიტაცა და საზღვარი გადააკვეთინა ქართულად მოსაუბრე რამდენიმე მამაკაცმა, რომელთა შორის ზოგსაც საქართველოს კრიმინალური პოლიციის უნიფორმა ეცვა. ხელისუფლებამ საქმეში ქართველი სამართალდამცავების ჩართულობა უარყო, თუმცა მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის. წლის ბოლოსთვის, მუხთარლი აზერბაიჯანში პატიმრობაში რჩებოდა,“- აღნიშნულია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






