"საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსში, გასულ წელთან შედარებით საქართველო ორი პოზიციით ჩამოქვეითდა და 56 ქულით 46-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის.
გასულ წელს, საქართველო 46 ქულით 44-ე ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა წინა წლის მსგავსად, კვლავ ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის (ევროკავშირის ქვეყნების გამოკლებით) და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
წელს 46-ე ადგილს საქართველო მალტასთან ერთად ინაწილებს.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, თურქეთი 81-ე ადგილზეა 40 ქულით, სომხეთი 107-ზე 35 ქულით, აზერბაიჯანი 122-ეზე 31 ქულით, რუსეთი კი 135-ზე 29 ქულით.
რეიტინგის სათავეში არიან ახალი ზელანდია (89 ქულა), დანია (88 ქულა), ფინეთი (85 ქულა), ნორვეგია (85), შვეიცარია (85). ყველაზე ცუდია ვითარება სირიაში (14 ქულა), სამხრეთ სუდანსა (12 ქულა) და სომალიში (9 ქულა).
კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნო 1995 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. კორუფციის აღქმის ინდექსი სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.
მასალის გამოყენების პირობები






