სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია გასულ კვირას რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების დანაყოფებს შორის შეტაკება, რამაც რუსეთს ათეულობით სამხედროს სიცოცხლე და მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნიკა შეეწირა.
რა გავლენას ახდენს არსებული მწვავე კონფლიქტი შავი ზღვის რეგიონზე? სადამდე მივა დაპირისპირება, რომელიც 2011 წელს ადგილობრივი სამხედრო ძალებისა თუ დანაყოფების შეტაკებებით დაიწყო, წარმოიქმნა ე.წ. ისლამური სახელმწიფო და ქვეყანაში შევიდნენ სხვადასხვა ძლიერი ქვეყნების სამხედრო დანაყოფები?
„ნიუპოსტი“ საკითხის შესაფასებლად საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. შაშკინი აცხადებს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე შეუძლებელია ისეთი კონსესუსის მიღწევა, რომლის პირობებითაც ყველა მოთამაშე კმაყოფილი დარჩება:
„სირია რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად, რომელიც ახლა არსებობს მსოფლიოში და ჩემი აზრით ყველაზე ფეთქებადსაშიშ ზონად. სირიაში არის გადაკვეთილი ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესები, არის ამერიკის, რუსეთის, თურქეთის ინტერესები, ასევე საუდის არაბეთს აქვს თავისი ინტერესები, ბუნებრივია სირიის მთავრობასაც, სიღრმისეულად არის ჩართული ირანი და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქურთებიც იბრძვიან იმისათვის, რომ შექმნან თავისი სახელმწიფო. იმდენად ბევრი მოთამაშეა, რომ შეუძლებელია ამ ეტაპზე მოხდეს რაიმე კონსესუსი და ყველა მოთამაშე იყოს კმაყოფილი რაღაც კონკრეტული შედეგით. ზუსტად ამიტომაც, ამ ეტაპზე ეს ზონა სამწუხაროდ რჩება კვლავ ფეთქებადსაშიშ ზონად და როგორ განვითარდება იქ მოვლენები, ძალიან რთულად პროგნოზირებადია. ჩართული მოთამაშეებიდან რამდენიმეს პროგნოზირება სრულებით შეუძლებელია.
ამის თვალსაჩინო მაგალითია ის, რაც დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა სირიაში. პირველად ვიეტნამის ომის შემდეგ მოხდა ღია შეჯახება სამხედრო შენაერთების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა რუსეთისთვის, მისი მხრიდან ასობით დაღუპული იყო, მაგრამ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ პროგნოზირება მოვლენების განვითარებისა ძალიან რთულია, რადგან ყველა ადეკვატურ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთი თავისი ნაბიჯებით იქცევა ისე, როგორც დათვი ჭურჭლის მაღაზიაში, მისი ნაბიჯები ლოგიკას არ ექვემდებარება და ყოველთვის ატარებს ძალიან პროვოკაციულ ხასიათს“, - აღნიშნავს შაშკინი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი საუბრობს სამხედრო კომპანია „ვაგნერზე“, რომელსაც რუსეთის ფედერაცია სამხედრო შეტევებში იყენებს, რათა შემდგომში განაცხადოს, რომ კონკრეტულად რუსეთის სამხედრო ძალები ამა თუ იმ კონფლიქტის ეპიცენტრში არ იყო:
„სირიაში როდესაც მოხდა ეს შეტაკება ამერიკის შეერთებული შტატების ქვედანაყოფებთან, რუსეთი, რომელიც გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან, ყოველთვის მალავს და დამალავს რეალურ ინფორმაციას, ჩვენ ამას მივეჩვიეთ, უკვე ცნობილია და დადასტურებულია პენტაგონის მიერ, კერძო სამხედრო კომპანიამ, რომელიც არის ცნობილი „ვაგნერის“ სახელით, მიიტანა იერიში სირიის სამთავრობო შენაერთებთან ერთად ობიექტზე, რომელსაც იცავდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი ქურთ მოხალისეებთან ერთად.
ნურავის ჰგონია, რომ რადგან იქ მონაწილეობდა „ვაგნერი“ ეს იყო რაღაც კერძო ინიციატივა. „ვაგნერი“ ეს არის კერძო სამხედრო სრუქტურა რუსეთის ფედერაციისა და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ინფორმაცია სამხედრო თემატიკაზე და ესმის ეს საკითხი, იცის, რომ რუსეთში შეუძლებელია, რომ კერძო დაცვის სამსახურმა იყიდოს თანამედროვე ტანკები, შეისყიდოს ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები და ავიაცია, ეს არის შეუძლებელი, ფაქტია, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფებას ეს ყველაფერი გააჩნია და მას მართავს რუსეთის ან მოქმედი ან ყოფილი გენერალური შტაბის გენერლები. აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად რუსეთი „ვაგნერის“ სახელით ფუთავს თავის სპეცდანიშნულების ძალების მონაწილეობას სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში იმისათვის, რომ შემდეგ გამოაცხადოს, რუსეთის ოფიციალური შენაერთები კონფლიქტის ეპიცენტრში არ იყოო. ამას იყენებდა და იყენებს დონბასში და ყოველთვის აცხადებს, ჩვენ იქ არ ვართო“, - განმარტავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
შაშკინი ვარაუდობს, რომ რამდენიმე დღის წინ მომხდარი შეტაკებით, რუსეთის ფედერაციის მიზანი იყო აშშ-ის სამხედრო რიგებში დიდი დანაკარგი, რის ფონზეც აშშ-ის საზოგადოება ტრამპის ადმინისტრაციაზე ზეწოლას განახორციელებდა და იგი იძულებული გახდებოდა, სირიის ტერიტორიიდან საკუთარი შეიარაღებული ძალები გაეყვანა:
„რაც შეეხება იმ კონფლიქტს რაც ახლა მოხდა სირიაში, რუსეთს აქვს ძალიან დიდი დანაკარგი ცოცხლაი ძალისა და შეიარაღების. ამერიკულ მხარეს დაჭრილებიც კი არ ჰყავდა, მოხდა შეჯახება რუსული საბრძოლო ტაქტიკის და ამერიკული საბრძოლო ტაქტიკის. განსხვავება არის იმაში, რომ რუსული სამხედრო ტაქტიკა არის აგებული ცოცხალი ძალის გამოყენებაზე და გენერლებს აბსოლუტურად არ აინტერესებთ რამდენი ადამიანი დაიღუპება, ამერიკელების მხრიდან იყო გამოყენებული თანამედროვე შეიარაღება და ავიაცია, განსაკუთრებით საინტერესო იყო თვითმფრინავ AC-130-ის გამოყენება, რომელმაც ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა „ვაგნერის“ დაჯგუფებას და ფაქტია, რომ რუსეთმა განიცადა ძალიან დიდი კრახი. ბუნებრივია, რუსეთი არ იტყვის თუ რა იყო ამის მიზანი, არსებობს ორი ვერსია, ერთი ვერსიაა, რომ მათ სურდათ დაეკავებინათ ნავთობის ქარხანა, მაგრამ აქვე მეორე ვერსია არსებობს, რომელიც არის საკმაოდ ლოგიკური, სანამ მოხდებოდა შეჯახება, ამერიკის შეერთებული შტატების ქვედანაერთმა აწია ამერიკული დროშა თავის პოზიციებზე და აჩვენა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომ იქ იმყოფებოდნენ ამერიკელები, მიუხედავად ამისა, რუსეთმა მაინც დაიწყო შეტევა. რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათი მიზანი არ იყო მხოლოდ ქარხნის დაკავება. სავარაუდოდ ყველაზე ლოგიკური ის არის, რომ რუსეთი ცდილობდა მიეყენებინა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ზიანი ცოცხალ ძალაში, ამის შემდეგ ეს იქნებოდა ნაჩვენები ტელევიზორში, მასმედიის მეშვეობით და რუსეთი ეცდებოდა გამოეყენებინა იგივე ფაქტორი, რაც თავის დროზე იყო გამოყენებული ლიბანში. რუსეთი სავარაუდოდ ცდილობდა, რომ ამ იერიშის შედეგად დაეკავებინა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ტერიტორია, მაგრამ ამავდროულად სურდა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის მკვდარი ამერიკელი ოფიცრები ან ტყვედ ჩავარდნილი ამერიკელი ჯარისკაცები. გეგმა ის გახლდათ სავარუდოდ, რომ ამის შემდეგ, საზოგადოების ზეწოლის ფონზე, ტრამპის ადმინისტრაცია მიიღებდა გადაწყვეტილებას, სირიიდან სპეცდანიშნულების ძალების გამოყვანისა.
ეს შეტაკება ფუნდამენტალურად ცვლის ძალიან ბევრ ნიუანსს, რომელიც ახასიათებს ამ ომს. რუსეთი იყენებს სირიას თავისი პროპაგანდისთვის, ის თავის მოსახლეობას არწმუნებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები არის ყველაზე ძლიერი მსოფლიოში და ასე შემდეგ. ეს პროპაგანდა საქართველოში მუშაობს და NDI-ს ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი საქართველოს მოსახლეობისა, ამ პროპაგანდის ქვეშ არის მოქცეული, ამ ხალხთან ციფრებით ლაპარაკი არაფრის მომტანია, რადგან ისინი პროპაგანდის მსხვერპლნი არიან. თუმცა, ამ ბრძოლამ აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეიძლება სამი საათის განმავლობაში ებრძოლო და მან დააუთაოს 700-კაციანი ქვედანაყოფი ისე, რომ თვითონ საკუთარ რიგებში ერთი დაჭრილიც არ ჰყავდეს და მოწინააღმდეგის რიგებში ასობით სამხედრო გაანადგუროს“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
შაშკინი ასევე ვარაუდობს, რომ რუსეთის ფედერაცია შურს იძიებს იმ ფონზე, რომ მას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგი მიაყენეს, ხოლო რა ფორმით და როდის მოხდება ეს შურისძიება, დროის საკითხია:
„ამ ოპერაციით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუგზავნა სიგნალი არა მარტო რუსეთს, არამედ სხვა მოთამაშეებს. განსაკუთრებით ირანს სირიაში, რომ ის უკან არ დაიხევს, ის არ აპირებს გაწიროს თავისი ოფიცრები და ჯარისკაცები და ყოველთვის დაიცავს საკუთარ ინტერესებს.
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, აშშ-ს აქვს უდიდესი უპირატესობა ირანის, სირიის ან რუსეთის ქვედანაყოფებთან შედარებით, არა მხოლოდ იარაღში, არამედ გადაწყვეტილების მიღების პრინციპში, ამერიკული ჯარი არის აგებული გადაწყვეტილების მიღებაზე უშუალოდ მეთაურის მიერ, რომელიც იმყოფება ბრძოლაში, ის არ ათანხმებს თავის მოქმედებებს გაერთიანებულ შტაბთან ან გენერალურ შტაბთან. ამერიკამ ამ ბრძოლით აჩვენა, რომ მეთაურმა, რომელიც იმყოფებოდა ამ ბაზაზე, მიიღო გადაწყვეტილება და მას დაემორჩილა სამხედრო დანაყოფი, ავიაცია და „ვაგნერის“ დაჯგუფება გაანადგურა.
ამ ბრძოლის შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიცვლება სირიაში, რუსეთი სამწუხაროდ ეცდება შურისძიებას, რადგან ეს იმდენად მძიმე, მტკივნეული დარტყმა იყო, ამხელა მსხვერპლი, ასე ცინიკურად დაუთოვება არ მახსოვს, შეიძლება ჩეჩნური ომის შემდეგ ასეთი მსხვერპლი რუსეთს არ განუცდია, თუ გავითვალისწინებთ პუტინის ფსიქოლოგიას და იმას, თუ რა ადამიანზე გვაქვს საუბარი, ის ეცდება შურისძიებას. სად და რა სახით, ამას დრო გვიჩვენებს“, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ კონფლიქტი გაიწელება და შედეგად შესაძლოა ურთიერთობა დაიძაბოს დასავლეთსა და თურქეთს შორის, აშშ-სა და ნატო-ს წევრ ქვეყანას შორის დაძაბულობა კი იმ პირობებში, როცა თურქეთი საქართველოს მეზობელი ქვეყანაა, არც თუ ისე დადებითად აისახება შავი ზღვის რეგიონზე, ამ დაძაბულობის ფონზე კი შესაძლოა რუსეთ-თუქეთის ალიანსი წარმოიქმნას, რაც დასავლეთს არ აწყობს:
„შესაძლოა კონფლიქტი კიდევ უფრო გაიწელოს, სირიაში ვითარება 2011 წლიდან დაიძაბა, ჯერ კიდევ გარეშე ძალები არ იყო ჩართული ამ პროცესში, მაგრამ სირიაში რამდენიმე სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფება არსებობდა, შემდგომში კი სირიის ტერიტორიის დიდ ნაწილზე, 2014 წლის თებერვლისთვის კონტროლი დაამყარა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ და შემდეგ მოხდა ამ პროცესში სხვა ქვეყნების უფრო აქტიური ჩარევა. ეს იქიდან გამომდინარე, რომ სამი მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშის ინტერესები ერთმანეთისგან განსხვავდება - ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ასადის რეჟიმის დამხობას, თუმცა, რუსეთი მხარს უჭერს ასადის რეჟიმის შენარჩუნებას, თურქეთი მხარს უჭერს ასევე ასადის რეჟიმის დასრულებას, მაგრამ მეორეს მხრივ ებრძვის ქურთულ დაჯგუფებებს, რომელსაც ზურგს აშშ უმაგრებს.
გამომდინარე აქედან, თავად სირიაში კონფლიქტში ჩართული მხარეები სარგებლობენ თავიანთი პროტეჟეების მფარველობით. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულწილად კონფლიქტი გაიწელოს, რაც ვფიქრობ, საქართველოს ინტერესებში არ შედის. საქართველოს ინტერესებში არანაირად არ შედის ის, რომ მოხდეს ვითარების დაძაბვა თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ სტატებს შორის, ეს მხოლოდ სირიის პრობლემას არ უკავშირდება, თუ ამ ორ ქვეყანას შორის ვითარება დაიძაბა, ვიცით, რომ უკანასკნელ პერიოდში ურთიერთობები გაცივდა, მათ შორის მთლიანად დასავლეთსა და თურქეთს შორის, ამ პერიოდში აღნიშნული უბიძგებს თურქეთს, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთ-რუსეთს ასადის რეჟიმთან მიმართებით განსხვავებული პოზიციები აქვთ, შექმნან შავი ზღვის რეგიონში ალიანსი და განხორციელებული იქნეს საქართველოს გვერდის ავლით ენერგეტიკული პროექტები.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა თურქეთსა და დასავლეთს შორის დაძაბული ვითარების შემთხვევაში, პრობლემა შეექმნება დასავლეთს, მათ შორის აშშ-ს, რომ გააძლიეროს თავისი გეოპოლიტიკური გავლენა შავი ზღვის რეგიონზე, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე დადებითად აისახება, ვგულისხმობ დასავლეთის გეოპოლიტიკურ გაძლიერებას ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვიცით, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტზე გაჟღერდა იდეა, რომ ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი ინტერესი იქნება შავი ზღვის რეგიონში თავისი ინტერესის დაფიქსირება და უფრო მეტი ჩართულობა სხვადასხვა პროცესებში, მაგრამ თურქეთის ფაქტორის გარეშე ნატო-ს გაუჭირდება ამ რეგიონში გააქტიურება.
მაგრამ თუ დასავლეთმა დაკარგა თურქეთი როგორც მოკავშირე, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა შავი ზღვის რეგიონში, აშშ-ს დასჭირდება თურქეთის ალტერნატიული მოკავშირის ძიება, ამ შემთხვევაში საქართველო თავისი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია, იყოს თურქეთის ალტერნატივა, მათ შორის აშშ-ისთვის და შესაძლოა ჩვენი ქვეყნის დახმარება დასავლეთის მხრიდან გაძლიერდეს.
მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, საერთო ჯამში ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის დაძაბვა საქართველოს ინტერესებზე ნეგატიურად აისახება, რაც აიძულებს თურქეთს რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს, დასავლეთისთვის კი სრულიად მიუღებელია რუსეთ-თურქეთის ალიანსი“, - მიიჩნევს ნიკა ჩიტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






