“იუსტიციის სამინისტროში დავასრულეთ მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე,რომელიც მნიშვნელოვნად გაამკაცრებს საქართველოში გვარის შეცვლის საკითხს. მთავრობის და პარლამენტის მიერ ეს პროექტი გაზიარებული იქნება. გვარის საკუთარი ნება-სურვილით შეცვლა ისედაც აკრძალულია, მაგრამ შესაძლებელია, ადამიანმა მიიღოს მეუღლის, დედის, ბებიის ან წინაპრის გვარი. არ არის შეზღუდული რაოდენობა, თუ რამდენჯერაა შესაძლებელი ამის გაკეთება. ვფიქრობთ, ეს წესი არის გასამკაცრებელი. სხვადასხვა საელჩოებიდან და საკონსულოებიდან ჩვენი კონსულები გვწერენ, რომ საქართველოს არაკეთილსინდისიერი მოქალაქეები ამით სარგებლობენ – როდესაც ერთი გვარით ჩაიდენენ შენგენის სივრცეში დანაშაულს, შემდეგ ბრუნდებიან საქართველოში, მიიღებენ მეუღლის, ან ბებიის გვარს და შემდეგ ამ გვარის პასპორტით შედიან ისევ შენგენის ზონაში. ჩვენ ამას აღვკვეთთ სწორედ ამ წესების გამკაცრებით.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პირმა გვარის შესაცვლელად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს და რამდენიმე დოკუმენტი წარადგინოს, პროცედურის ღირებულება 55 ლარია. კანონში ამ ეტაპზე შეზღუდვა გვარის შეცვლისთვის არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები






