ექსპერტის თქმით, საქართველომ მეზობელი თურქეთის არნახულ წნეხს გაუძლო.
"ბრალდება რომელიც ჩაბუქს წაყენებული ჰქონდა, თურქული მხარის მიერ იყო ინიცირებული. თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება თვლის, რომ ემრე ჩაბუქი ტერორისტია და ტერორიზმის ხელშემწყობი, თუმცა მათ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდათ. შესაბამისად, თურქეთს ხელისუფლების ბრალდება ქართულ მართლმსაჯულების ფორმატში ავტომატურად გადმოვიდა.
ჩემთვის ჩაბუქი იმ ნაწილში, რომელშიც თურქეთის ოფიციალური ხელისუფლება ბრალს დებდა, თავიდანვე უდანაშაულო იყო.
ქართულმა სასამართლომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ საქართველო თურქული მხარის მხრიდან არნახულ წნეხს განიცდიდა. თურქეთი ზოგ შემთხვევაში სპეკულირებდა იმ ურთიერთობებით, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს.
საქართველოს ხელისუფლებას კი დღეს ძლიერი არგუმენტები აქვს - საქმეში ძალიან აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩაბუქს წაყენებული ბრალი არ დაუმტკიცდა და მესამე მთავრობა სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ ერევა. საქართველოს ყველანაირი ბერკეტი აქვს, რომ თავისი პოზიცია თურქული მხარისთვის გასაგები გახადოს"- აცხადებს არეშიძე.
მისი თქმით, ჩაბუქისთვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ თურქეთისგან გარკვეულ დიპლომატიურ დაძაბულობას ელოდება.
"იმისთვის, რომ ეს დიპლომატიური დაძაბულობა გაქარწყლდეს, საქართველოს ძალიან ბევრი კონტრარგუმენტი აქვს" - განმარტა ექსპერტმა "ნიუპოსტთან".
რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა ჩაბუქისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა. პროკურატურა 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვდა, სასამართლომ კი, გირაოს რაოდენობა 1000 ლარზე განსაზღვრა.
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი 2017 წლის 24 მაისს საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს.
თურქეთის მოქალაქეს ბრალად იმ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რომელიც, თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ფეთჰულა გიულენთანაა კავშირი.
მასალის გამოყენების პირობები






