პარლამენტში თბილისის მერისა და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის შეხვედრა დასრულდა, შეხვედრას უმრავლესობის დეპუტატები და დედაქალაქის მერის მოადგილეები ესწრებოდნენ. საუბრის მთავარი თემა სამშენებლო რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტის შემუშავება იყო. შეხვედრაზე გადაწყდა , რომ დღეს დედაქალაქის მერიის მხრიდან წარმოდგენილ ინიციატივები აისახება იმ საკანონმდებლო პროექტში, რომელიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში და პირველი მოსმენითაა განხილული.ახალი ინიციატივები ძირითადად სანქცირებისა და ადმინისტრირების საკითხს შეეხება, თბილისში სამშენებლო სფეროში ნებისმიერ დარღვევაზე პირველი ჯარიმა 30 ათასიდან დაიწყება. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში 50 ათასი ლარი, ხოლო მშენებლობაზე მუშის დაშავების შემთხვევაში შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს. ცვლილება რეგიონებს არ ეხება, რადგან ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის. თუმცა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ იგივე მოითხოვნა თვითმართველობებსაც ექნებათ, ესეც გათვალისწინებული იქნება.
„საქმე ეხება მათ შორის სანქციების გამკაცრებას და ადმინისტრირების გაუმჯობესებას, ასევე, საუბარია სანქციებზე, რომელიც დაკავშირებულია უნებართვო და პროექტის გარეშე მშენებლობებთან. ეს ის საკითხებია, რომელიც ასახული პაკეტში და საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, უსაფრთხოების დაცვით თავად მენაშენეებიც უნდა იყვნენ დაინტერესებულნი.
„ნებისმიერი დარღვევის დროს, მაგალითად, ელემენტარულად ჩაფხუტის არდახურვის გამო, 30 ათასი ლარი გამოეწერებათ ჯარიმა. როდესაც გვქონდა მენაშენეთა ასოციაციასთან შეხვედრა, მშნებელებს ვუთხარით, რომ თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი. მუშებმაც უნდა იცოდნენ რა სანქციები მოჰყვება უსაფრთხოების არ დაცვას, თუნდაც ელემენტარული ჩაფხუტი არ დაიხურონ. რა მნიშვნელობა აქვს ჩაფხუტვის არდახურვის გამო დაიღუპება ადამიანი თუ უბრალოდ გადმოვარდნით.“- განაცხადა კახა კალაძემ.