ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ. ცვლილებების თანახმად, სოციალური პენსიის პარალელურად იგეგმება დაგროვებითი საპენსიო სქემის დანერგვა. აღნიშნულის ფინანსური უზრუნველყოფა კი დასაქმებულთა, დამსაქმებელთა და სახელმწიფოს სავალდებულო საპენსიო შენატანებით განხორციელდება.
კითხვები აქვს ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს. ხელისუფლების ოპონენტები ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას ახალ სავალდებულო გადასახადს უწოდებენ.
მეტიც, დეპუტატების ნაწილმა რეფორმას ანტიკოსტიტუციური უწოდებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის თქმით, დაგროვებით საპენსიო რეფორმაში ჩართვა 40 წლამდე პირებისთვის სავალდებულო იქნება და ამ ადამიანებს თანხას დაუკითხავად ჩამოაჭრიან.
„ხელისუფლება ცდილობს, გვერდი აუროს საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც კრძალავს გადასახადის ზრდას ან ახალი გადასახადის შემოღებას რეფერენდუმის გარეშე. რატომ ავალდებულებთ ადამიანებს?!“- აღნიშნა კახიძემ.
ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით კი, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა უმუშევრობას კიდევ უფრო გაზრდის.
„ისედაც მაღალია ახალგაზრდებში უმუშევრობა და 40 წელს ქვემოთ მყოფი ადამიანების უმუშევრობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ამ რეფორმის შედეგად. არანაირი გარანტია იმისა, რომ 40 წელს ქვემოთ ვინც არის, ის ახალ დააგროვებს ფულს და ღირსეულ პენსიას აიღებს 30 თუ 40 წლის შემდეგ არ არსებობს“ - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე საქართველოში პენსიის დაგროვებით სისტემაზე გადასვლას არასაიმედიდ მიიჩნევს. ამასთან დაკავშირებით ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე არგუმენტსაც ასახელებს.
მისი თქმით, არავინ იცის, 30-40 წლის შემდეგ, დღეს დაგროვებულ თანხას რა მსყიდველუნარიანობა ექნება.
„ფული, რომელიც დღეს დანაზოგის სახით შემაქვს, ბანკში რომ შევიტანო, უფრო მეტ შემოსავალს მომცემს, ვიდრე 40 წლის შემდეგ გაურკვეველი პერსპექტივა, როცა არ ვიცი, როგორი იქნება ლარის კურესი, რამდენჯერ იქნება გაუფასურებეული ეროვნული ვალუტა, რამდენჯერ მოხდება ინფლაცია და საერთოდ, როგორი იქნება იმ პერიოდში ფულის მსყიდველუნარიანობა“- აღნიშნავს დეპუტატი.
თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა განმარტავს, რომ დაგროვებითი პენსიის რეფორმას რეფერენდუმი არ სჭირდება, რადგან ეს გადასახადი არ არის.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დაგროვებითი პენსიის წესით, ის, ვისაც ხელფასი 500 ლარი აქვს, რვა ლარს გადაიხდის, ის კი, ვისაც 2500 აქვს – 40 ლარს.
ნიკოლოზ გაგუა არასამთავრობო სექტორის მოსაზრებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასწორია მოსაზრება, თითქოს დაგროვებითი პენსიის რეფორმით კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები ირღვევა.
„გადასახადი ისაა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში ზოგადი ხარჯების დასაფინანსებლად მიემართება და ეს კრიტერიუმი ამ შენატანებისთვის არ ვრცელდება. ეს არის თანხა, რომელიც სისტემაში მონაწილე პიროვნების პირად ანგარიშზე მიემართება, რომელიც აღნიშნული პირის პირადი საკუთრება ერთადერთი შეზღუდვითაა, რომ ამ თანხას საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ გამოიყენებს, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ სავალდებულო დაზოგვის ნორმა 40 წლამდე შემოვიღეთ, რაც კლასიკური მეორე პილარია. მნიშვნელოვანია, რომ თანხები იყოს დაზოგილი და საყოველთაო მონაწილეობაც იყოს, რათა სისტემა იაფიანი და მცირეხარჯიანი იყოს. რაც შეეხება რეფერენდუმს, აღნიშნული თემა რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნას არ ექვემდებარება, რადგან ეს არ არის გადასახადი და გადასახადის არც ერთ ფორმულირებაში არ ჯდება“, - თქვა გაგუამ.
კითხვები აქვთ მესამე სექტორშიც - ოპოზიციის მსგავსად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ რეფორმა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
საია-ს განცხადებით, „რამდენადაც, საპენსიო შენატანი წარმოადგენს სავალდებულო გადასახდელს, მისი ნაწილი მიემართება საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დასაფინანსებლად, ზრდის ხარჯებს, ამცირებს შემოსავალს, დამსაქმებელთა შემთხვევაში, არ ექვემდებარება დაბრუნებას, ხოლო დასაქმებულებთან მიმართებით დამოკიდებულია სააგენტოს გამართულ ფუნქციონირებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ის გაიგივებული უნდა იქნეს გადასახადისა და მოსაკრებლის სამართლებრივ ბუნებასთან და უნდა მოექცეს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის რეგულირების სფეროში.
შესაბამისად, რამდენადაც, სავალდებულო საპენსიო შენატანი ამ დრომდე არ ყოფილა გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, გამოდის, რომ ხდება გადასახადის ახალი სახის შემოღება, რაც მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი. შესაბამისად, იმისათვის რომ დაკმაყოფილებული იქნეს საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმალური კრიტერიუმები სავალდებულო საპენსიო შენატანების, შემოთავაზებული სახით მიღება, მხოლოდ რეფერენდუმის საფუძველზე - ხალხის მაქსიმალური ჩართულობის ფონზე უნდა განხორციელდეს”.
მიუხედვად კრიტიკისა, იურიდიულმა კომიტეტმა დაგროვებითი პენსიის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. დღეს კი პროექტზე ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ განუცხადა, რეფორმასთან დაკავშირებით ყველა მოსალოდნელი რისკი გათვალისწინებულია.
„გარდა იმ სოციალური გამოწვევებისა, რომელსაც შეიძლება უპასუხებს ეს რეფორმა, მას ექნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენები ქვეყანაში, კერძოდ, ის დადებითად იმოქმედებს ეკონომიკის ზრდაზე,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს ოპოზიციის და მესამე სექტორის საპასუხოდ თქვა, რომ საპენსიო შენატანი დამატებითი გადასახადი არ არის.
„საპენსიო შენატანი ვალდებულების მიუხედავად, არ არის გადასახადი, რადგან ის კონკრეტულად ისევ ხმარდება იმ კონკრეტულ ადამიანს, რომელმაც ის გადაიხადა, უფრო სწორად აკუმულირდება ვირტუალურ საპენსიო ანგარიშზე, რომელიც ისევე გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ უბრუნდება პატრონს,“ - აცხადებს აკაკი ზოიძე.
მასალის გამოყენების პირობები






