ოპოზიცია კახა კალაძეს თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს. ენმ-ს ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, მცირდება ინფრასტრუქტურულ პროექტების დაფინანსება, მათ შორის, იკლებს მეტროსადგურების რეაბილიტაციის დაფინანსება. ასევე, კლებაა ბიუჯეტის იმ მუხლში, რომელიც ავარიული კორპუსების გამაგრებას ითვალისწინებს.
საყურადღებოა, რომ თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, იზრდება ჩინოვნიკების შრომის ანაზღაურება და მცირდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.
ოპოზიციის განმარტებით, ცვლილებების მიზეზი გასულ წელს ნარმანიას ადმინისტრაციის მიერ 34 მილიონის აუთვისებლობაა. როგორც ირკვევა, დაუხარჯავი თანხით თბილისის მერიაში ახალი აიპ-ები იქმნება.
„იმის ნაცვლად, რომ წარმოედგინა თბილისის მერს, კახი კალაძეს სწორად დაგეგმილი ბიუჯეტი, სადაც მკვეთრად იქნება შემცირებული ბიუროკრატია, კვლავ და კვლავ ზრდის ბიუროკრატიას, ახალ შპს-ებს, აიპ-ებს, რომ დაასაქმოს „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ახლობელ-ნათესავები. ამის გარდა, მაშინ, როდესაც თბილისელებს მეტრო თავზე ენგრევათ, იმის ნაცვლად, რომ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება გაეზარდა, კახა კალაძემ გაანახევრა ეს მუხლი და 10 მილიონის ნაცვლად, მხოლოდ 5 მილიონს დახარჯავს,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
ოპოზიციის პრეტენზიებს საკრებულოს უმრავლესობა არ ეთანხმება. ირაკლი ზარქუას თქმით, მერიაში და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში შტატების რაოდენობა არათუ იზრდება, არამედ მცირდება.
„ეს არის ოპოზიციის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს ად რამენაირად პოლიტიკური ქულები დაიწეროს. აჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ. ჩვენ დაავანონსეთ წინასწარ, რომ საქალაქო სამსახურების სტრუქტურული რეფორმა იქნებოდა,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ და დასძინა, რომ არ იმატებს არც სახელფასო ფონდი, რომელიც ოთხმოცდაორი მილიონ ექვსასი ათასი ლარით არის განსაზღვრული.
მასალის გამოყენების პირობები






