2017 წლის 1 მაისს ჯანადაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას პირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200,000 მოქალაქე ისარგებლებდა. როგორც “ევროპული საქართველოს” მიერ პროგრამის შესწავლამ გამოავლინა, 2017 წელს პროგრამით სულ 13,000-მა მოქალაქემ ისარგებლა, ხოლო ბიუჯეტის გათვალისწინებული ისედაც მწირი თანხები აუთვისებელი დარჩა.
ჭიაბერაშვილის თქმით, საჭიროა არა ასეთი ცალკე პროგრამა, არამედ ჯანდაცვის პაკეტებში მედიკამენტის კომპონენტის დამატება. “უკიდურესად გაჭირვებული ათიათასობით ადამიანისათვის გაძვირებულ მედიკამენტებებზე ხელმისაწვდომობა ვერ გაიზრდება, თუ მათთვის განკუთვნილ ჯანდაცვის პაკეტებში წამლის კომპონენტი არ შევიდა. მაგრამ აქ რომ ყაირათიანი ხარჯვა და სწორი ადმინისტრირება მოხდეს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვა ჯანდაცვის სამინისტროდან სადაზღვევო კომპანიებზე უნდა გადავიდეს,” - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მედიკამენტების გაძვირებამ ათიათასობით მოქალაქისთვის გააუარესა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. 2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი, კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. ეს ოჯახები ამას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას უკავშირებენ.
ყოველ მოქალაქეს საშუალოდ ჯანდაცვაზე გადახდილი თანხიდან 57%-ის გაღება საკუთარი ჯიბიდან უწევს. ჯიბიდან გადახდების 2/3-ს მედიკამენტებზე დახარჯული თანხები შეადგენს. ამ დროს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის 2017 წელს გამოყოფილი 3,6 მლნ ლარიდან ჯანდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 2,6 მლნ დახარჯა.
მასალის გამოყენების პირობები






