მინისტრი იმ გეგმებზეც ისაუბრებს, რომლის განხორციელებასაც 2018 წელს გეგმავს.
დღეს გაირკვევა, როგორ აპირებს მინისტრი ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის წესის გამკაცრებას.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ უზარმაზარი შვება მისცა ადამიანებს როდესაც ის შემოტანილ იქნა 2013 წელს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გვექნება საუბარი დაგროვებით პენსიაზე, უსაფრთხოების ახალ კანონპროექტზე და ალბათ გვექნება საუბარი შესაბამისად ასევე სოციალური შემწეობის მეთოდოლოგიაზე,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
სხდომაზე ოპოზიცია აქტიურობას აპირებს. მათ ყველაზე მეტი კითხვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ აქვთ.
„ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პრობლემა არის ის, რომ იხარჯება უზარმაზარი ფული და შედეგი არის ნაკლები, ფაქტობრივად არ არის ადეკვატური და ადამიანებს უწევთ უზარმაზარი ხარჯების გაწევა საკუთარი ჯიბიდან. ფაქტობრივად შეუძლებელია მკურნალობა თუ საკუთარი ფული არ დადე,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.
გაძვირებული მედიკამენტების ფონზე, შშმ პირების დაფინანსებასთან დაკავშირებით აქვს კითხვები „ევროპულ საქართველოს“.
„მთავარი კითხვა ჩვენ გვაქვს, რომ ამ გაძვირებული მედიკამენტების ფონზე, რატომ ვერ მოხერხდა ათი ათასობით ადამიანისთვის წამლის დაფინანსება, როდესაც ისინი ელოდებოდნენ მთავრობისგან ამ ნაბიჯის გადადგმას. მეორე ჯგუფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პენსია, არ გაზრდილა უკვე 5 წელიწადია და დღემდე 100 ლარს იღებენ ეს ადამიანები,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






