“ჩვენ გვქონდა ძალიან ხანგრძლივი და პოზიტიური შეხვედრა. ძალიან წარმატებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ, ჩვენ ვიმსჯელეთ ჩვენ შესანიშნავ თანამშრომლობაზე და პარტნიორობაზე. ჩვენმა მეგობრობამ ძალიან დადებითი ნაყოფი გამოიღო. ამას კარგად ვხედავთ ვიზალიბერალიზაციითაც. მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირი მზადაა, სრულად გამოიყენოს ჩვენი მეგობრობის პოტენციალი. ჩემთვის სასიამოვნოა საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობა. მე ვხედავ თქვენ მუშაობას რეფორმებზე, რაშიც თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა. ჟენევის მოლაპარაკებები და ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ასიათასზე მეტი ადამიანი შევიდა შენგენის ზონებში. ჩვენ ვხედავთ ქართულ პროდუქტს ევროპაში. 37% გაიზარდა საქართველოს ექსპორტი. ყველაზე მნიშვნელოვანია უფრო გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა, ხალხთაშორის კავშირი.ჩვენ გვაქვს ამბიციური დღის წესრიგი მომავალი წლისთვის. საქართველო არის ფასდაუდებელი და ერთგული პარტნიორი ევროკავშირისთვის“- განაცხადა მოგერინიმ.
მოგერინიმ კანონის უზენაესობასა და მედიაპლურალიზმზეც ისაუბრა.
„ევროკავშირი მიესალმება საქართველოში გატარებულ რეფორმებს. საქართველოში უნდა იყოს შექმნილი ყველანაირი პირობა თავისუფალი მედიისთვის. დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობა. ევროკავშირი განაგრძობს თქვენ მხარდაჭერას.“- აღნიშნა მოგერინიმ.
ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ პროცესში:
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიის საკითხებში და ესეც ამის დასტურია. ასევე მხარს ვუჭერთ ჟენევის მოლაპარაკებებს და გვყავს ევროკავშირის მონიტორინგის მისია. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან ერთად უნდა გაღრმავდეს ჩართულობა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმდინარე პროცესებში, მათ შორის საქართველოს იმ მოქალაქეების, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.“- განაცხადა მოგერინიმ.
მასალის გამოყენების პირობები






